"ზუსტად იგივეს გავაკეთებდი ახლაც" | გახარია გავრილოვის ღამეზე

გამოქვეყნდა:

"ზუსტად იგივეს გავაკეთებდი ახლაც. ზუსტად იგივეს", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი დეა მამისეიშვილთან ერთად" საუბრობს და 2019 წლის 20 ივნისის დარბევას, ე.წ. გავრილოვის ღამეს ეხმაურება.

"მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ 20 ივნისს რაც მოხდა, იმ ღონისძიებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე. შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, მე ხო არ შეიძლება, რომ პასუხისმგებელი ვიყო იმაზე, რასაც ვინმე სხვა მართავდა, ხო? 

[...]

გიორგი გახარია, სხვებისგან განსხვავებით, ვინც იქ უბრალოდ ახლოსაც არ მივიდოდა, მივიდა და ადგილიდან მართავდა ამ პროცესს და შესაბამისად, ყველაფერს აკეთებდა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, კანონის შესაბამისად. თვითონ იღებდა ამ გადაწყვეტილებებს და თვითონ აღასრულებდა ამ გადაწყვეტილებებს. 

რას ნიშნავს ერთპიროვნულად?! რა თქმა უნდა, ერთპიროვნულად. 

[...]

თქვენ მე მორალურ-პათეტიკური გამოსვლებით, მაკო გომურის და სხვების სახელის ხსენებით, ჩემს ემოციურ მდგომარეობას ვერ შეცვლით. იმიტომ რომ, თქვენგან განსხვავებით, მე ამას წინასაარჩევნოდ რაღაც ეფექტის მოსახდენად არ ვიყენებ. მე ამას ვიყენებ, ვუდგები სახელმწიფოებრივად და ვამბობ, კიდევ ერთხელ, რომ პასუხისმგებლობა, და ამას მარტო თქვენ წინაშე კი არ ვამბობ, დღევანდელი "ოცნების" წინაშეც, რომელიც ზუსტად ისევე ლაპარაკობს, როგორც თქვენ. ეს რას ნიშნავს, იცით? ეს ნიშნავს იმას, რომ არაფერი სხვაობა ნაცურ მენტალიტეტსა და სამწუხაროდ, ჩემდა საუბედუროდ, "ოცნების" მენტალიტეტს შორის, აღარ არის. 

[...]

20 ივნისი, ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა ილაპარაკოთ ახლა თქვენ აქ, რაღაც გავრილოვი, სულში ჩაფურთხება და ასე შემდგომ და ასე შემდგომ, რაც ნაწილობრივ მართალია. ამის შემდგომ, ადამიანების გაბრაზება რა თქმა უნდა, იყო გულწრფელი, ამ გაბრაზებულ ადამიანებს, პოლიცია ეხმარებოდა, უვლიდა, წყალს ალევინებდა, თავზე იყო გადაყოლილი. იმიტომ რომ ხვდებოდა და მეც ვხვდებოდი, იმ შეცდომას, რაც გავრილოვის პერსონასთან იყო დაკავშირებული. მაგრამ რაღაც მომენტში ზუსტად ვიღაცა რადიკალური, რევანშისტული, უვარგისი და ქვეყნის მტერი ძალის თავში მოიხარშა იდეა, რომ ეს არის სწორი შესაძლებლობა და მომენტი იმისთვის, რომ მოდი ახლა გადავატრიალოთ... 

[...]

ეს ტრაგედიაა და ეს ადამიანები... ეს ჩემი ტრაგედიაა, თქვენ ამ ხალხს იყენებთ უბრალოდ. თქვენ ეს გჭირდებათ, რომ გამოხვიდეთ აქ და არჩევნების წინ აქ რაღაც ბუღი დააყენოთ.

[...]

ზუსტად იგივეს გავაკეთებდი ახლაც. ზუსტად იგივეს, იმიტომ რომ "ნაციონალური მოძრაობის" აი ეს ავადმყოფური მიზანი, ნებისმიერ ფასად ადამიანების ჯანმრთელობის, სიცოცხლის, ფიზიკური ძალადობის ფასადაც კი როგორმე ხელისუფლებაში მოვიდეს, ეს არის დასამთავრებელი და მაშინ მე ამაში ჩემი მცირე წვლილი შევიტანე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს უზარმაზარი ტვირთია..., - თქვა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს "ოცნების" ხელისუფლებამ მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაარბია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები ესროლეს და ცრემლსადენი გაზის კვამლში გაახვიეს. არ დაივიწყეს არც წყლის ჭავლის გამოყენება. 

პროტესტი და საზოგადოების აღშფოთება კი საქართველოში რუსული დელეგაციის შემოშვებას, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და მისთვის წითელი ხალიჩის დაგებას მოჰყვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი