"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანებას აჩერებს | პაველ ჰერჩინსკის კრიტიკული გზავნილები

გამოქვეყნდა:

"არჩევნებზე წასვლა და ხმის მიცემა აუცილებელია. მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი 26 ოქტომბერს ოფიციალურად დაადასტუროს და ქვეყანა ისევ დასავლეთის გზაზე დააბრუნოს", - ამის შესახებ დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ისაუბრა. პაველ ჰერჩინსკიმ პირდაპირ თქვა, რომ ეს არჩევნები არის გადამწყვეტი და ამ არჩევნების შედეგზეა დამოკიდებული საქართველოს საგარეო კურსი. რადგან თუ ხელისუფლებაში ისევ "ქართული ოცნება" დარჩება, დასავლეთი დროებით მოხურულ კარს, ბევრი წლით ჩაკეტავს.

თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები - ეს არის მთავარი პრინციპები, რომელსაც ქვეყანა უნდა ასრულებდეს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. "ქართული ოცნების" ხელისუფლება კი ამის შესრულების ნაცვლად, თავს ესხმის დასავლეთს და მრავალი მოწოდების მიუხედავად, არ წყვეტს ანტიდასავლურ რიტორიკას. ჰერჩინსკი არ ერიდება და პირდაპირ ამბობს, რომ ევროპელ ლიდერებს სხვა არჩევანი არ ჰქონდათ და იძულებული იყვნენ, მიეღოთ ევროინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილება, საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციისა და მტრული რიტორიკის საპასუხოდ. 

ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ევროკავშირმა გაიარა გზა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებიდან ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებამდე. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ უკუსვლით, რომელიც საქართველოს ყველა მიმრთულებით აქვს. მედიაგარემოს შესახებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ პრესის თავისუფლების ინდექსის გაუარესება ერთ-ერთი ინდიკატორია იმ ანტიდემოკრატიული ნაბიჯებისა, რომელსაც ოლიგარქის პარტია დგამს. 

27 ევროპული სახელმწიფო თანხმდება, რომ "ქართული ოცნება" დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. საქართველოს პრემიერმინისტრი კი ისევ გლობალური ომის პარტიასა და დასავლეთის ტყუილებზე საუბრობს. არადა, ევროპელი პარტიორერი ძალიან ღიად და ხაზგასმით გვეუბნებიან, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა შეუძლებელს ხდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს პროცესი ივანიშვილის გუნდის დამსახურებით არის შეჩერებული. 

დასავლეთის ყველა გზავნილი, როგორც ევროპული საბჭოს მიღებული დოკუმენტი, ასევე პაველ ჰერჩინსკის მკაფიო განცხადებები, ემსახურება იმას, რომ ქართველმა ხალხმა გააცნობიეროს 26 ოქტომბერის არჩევნების მნიშვნელობა. 8 დღეში ჩვენ არ ვირჩევთ უბრალოდ ხელისუფლებას, ვირჩევთ ამ ქვეყნის მომავალს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი