მარში ქვეყნის ევროპული მომავლისთვის | 20 ოქტომბრის მასშტაბური მსვლელობებისთვის მზადება სულ უფრო მასშტაბური ხდება

გამოქვეყნდა:

განსხვავებული პროფესიებისა და ინტერესების მქონე ადამიანები ერთი მიზნის გარშემო კიდევ ერთხელ, გადამწყვეტ არჩევნებამდე 6 დღით ადრე ერთიანდებიან. მაშინ, როცა ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი საფრთხეშია - ხელოვანები, მსახიობები, რეჟისორები, მუსიკოსები, პროფესორები, ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და საქართველოს მოქალაქეები ვიდრე მთავარ არჩევანს საარჩევნო ყუთებთან გააკეთებენ, ევროსტრუქტურებში გაწევრიანების ურყევ ნებას ღიად, თავისუფლების მოედანზე დააფიქსირებენ.

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ - 20 ოქტომბრის მარშს რეჟისორი ლევან წულაძეც უერთდება, რომლის პოზიციები მკაფიო იყო რუსული კანონის დამტკიცების დროსაც. რეჟისორი ამბობს, რომ თეატრიც ფესვებიც ევროპულია და ახლა თითოეული ადამიანი ვალდებულია დაიცვას საკუთარი პროფესია, ისტორიული არჩევანი და მომავალი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ევროპული. ასე ფიქრობენ ხელოვანები. 

ევროპული მომავლისთვის მარშზე ყველას ელოდებიან, მუსიკოსებმა საგანგებოდ ამ დღისთვის პატარა ვიდეოები ჩაწერეს. კომპოზიციები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. 

ახალგაზრდები რომ ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვაში გადამწყვეტ სიტყვას ამბობენ, ეს უკვე არაერთხელ, რუსული კანონის დამტკიცების დროსაც ვნახეთ, როცა ათი ათასობით ახალგაზრდა "ოცნების" ანტიდასავლური ნაბიჯების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა. ზუსტად 2 დღეში კი სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები კიდევ ერთხელ მიაწვდიან ხმას "ქართულ ოცნებას" და დაამტკიცებენ, რომ თბილისი ევროპული ქალაქია.  

მაშინ, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა დასავლეთისგან სრულ იზოლაზიაში მოაქცია, მნიშვნელოვანია, გადამწყვეტ არჩევნებამდე 1 კვირით ადრე საერთაშორისო პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაინახონ, რომ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა პროევროპელია. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ყველა მოქალაქეს, რომ გამარჯვებამდე 1 კვირის ადრე თავისუფლებაზე შეიკრიბონ და ანახონ მსოფლიოს, რომ თბილისი ისევ ევროპის დედაქალაქია.

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ივანიშვილი  მიიღებს საბოლოო გაფრთხილებას ქართველი ხალხისგან - დარწმუნებულები არიან ოპოზიციაში. ოპოზიციური პარტიები ევროპულ მარშს სხვადასხვა ლოკაციიდან შეურთდებიან. იგივეს მოუწოდებენ მოქალაქეებს და ყველას, ვისი არჩევანიც ევროპაა თბილისის ქუჩებში ელოდებიან.

ზუსტად 2 დღეში, 20 ოქტომბერს, 5 საათზე, 5 სხვადასხვა ლოკაციიდან დაიწყება მსვლელობა. საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ხელში მოქალაქეები კიდევ ერთხელ ღიად იტყვიან სათქმელს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და რომ ქართველ ხალხს ისტორიული არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი