"ჩვენ არ გვჭირდება მხოლოდ მზრუნველობა, ჩვენ გვჭირდება საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა", - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემის წარმომადგენლებმა დღეს მათ პრობლემებზე, საჭიროებებსა და ქვეყნის განვითარების მათეულ ხედვაზე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებთან ისაუბრეს.
სამსაათიან შეხვედრაზე მიმოიხილეს თითქმის ყველა პრობლემა, რომლებსაც თემის წარმომადგენლები ყოველდღიურად აწყდებიან და რომლებიც წლიდან წლამდე არ გვარდება, მათ კარგად იციან, რომ გამოსავალი მხოლოდ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაშია.
კოალიციის წევრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საკითხისა და პრობლემების მათეული ხედვა და 4 ჩამოყალიბებული ძირითადი პრინციპი გააცნეს.
შეხვედრის უდიდესი ნაწილი კი დაეთმო დისკუსიას და პრობლემატურ საკითხებზე მხარეების პოზიციების გაცნობას. ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა კი, რომელიც დაუყოვნებელ ცვლილებას მოითხოვს, უთანასწორობა და საკითხის სტიგმატიზაციაა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის პრობლემებზე მუშაობის აქტიურად გაგრძელებას გეგმავს. დაანონსებულია თემის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფების შექმნაც.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი