"საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - საყოველთაო მარშის დაწყებამდე 2 საათზე ნაკლები რჩება. მასშტაბური ღონისძიება 17:00 საათზე საათზე 5 ლოკაციიდან დაიწყება და თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრება.
მარშს უერთდებიან სტუდენტები, არასამთავრობო სექტორი, პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი, აქტივისტები, ხელოვანები, ექიმები, სხვადასხვა ასაკისა და სფეროს წარმომადგენლები.
"თუკი 26-ში ქართული ოცნება შეინარჩუნებს ძალაუფლებას, ადამიანებს მოუწევთ სრულ დუმილში ყოფნა იმიტომ, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ეს იქნება თავისუფლების დაკარგვა, ეს იქნება იზოლაცია და ეს იქნება იმის საპირისპირო, რისკენაც ამდენი ხანია მიისწრაფვის ეს ერი.
ძალიან ბევრი ხალხი გამოვა მარშზე, პირველ რიგში ერთმანეთს დავანახებთ საკუთარ თავს, ჩავხედავთ თვალებში, გავამხნევებთ, შევაგულიანებთ და მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი და გზავნილი იქნება იმ ქვეყნების, იმ მეგობრების მისამართით, რომლებიც ამდენი ხანია უპირობოდ გვიჭერენ მხარს. იმიტომ, რომ ის კანდიდატის სტატუსიც და ის მხარდაჭერაც, რომელსაც გამოხატავენ ჩვენი დასავლელი მეგობრები, არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა და არა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა, რომელიც ცდილობს რომ მთლიანად იზოლაციაში მოგვაქციოს.
ეს არის, ალბათ, უკანასკნელი შანსი იმისა, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი თავისუფლება," - ამბობს მწერალი და ჟურნალისტი დავით გორგილაძე.
17:00 საათიდან მარშის მონაწილეები მარჯანიშვილის მოედნიდან, გმირთა მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, 300 არაგველის ობელისკიდან [ორთაჭალა] , ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთიდან [მთაწმინდა], მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ დაიძვრებიან და იქ 19:00 საათზე შეიკრიბებიან.
თავისუფლების მოედანზე დაგეგმილია კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ - ჯგუფი "ყველა", "ლაუდსფიქერსი", ნიაზ დიასამიძე, "გამოუვალი მდგომარეობა", ბექა გოჩიაშვილი და თემურიკო დიასამიძე, ნინო ქათამაძე, ჯგუფი "ინსაითი" და ნიკოლოზ რაჭველი.
ფოტო: არქივიდან.
ავტორი: დავით კობიძე