"ოცნების" ორგანიზებული პროვოკაცია 20 ოქტომბრის მარშზე | "მთავარმა არხმა" პლედს ამოფარებული ტიტუშკების ვინაობა დაადგინა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ტიტუშკები ამოცნობილები არიან. "მთავარმა არხმა" ყველა ის პირი დაადგინა, ვინც გუშინ თავისუფლების მოედანზე გამართული მარშის ჩაშლას ცდილობდა. კადრებშიც ჩანს, რომ სასტუმრო მონოგრაფის ტერიტორიიდან მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები სცენაზე ასულ გამომსვლელებს ლაზერებს ანათებდნენ და ასე ცდილობდნენ მათთვის ხელშეშლას. "ოცნების" პარტაქტივი განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტის სცენაზე გამოჩენისას დაირაზმა. პროვოკატორები სალომე ზურაბიშვილს მთელი იმ დროის განმავლობაში უნათებდნენ ლაზერებს, სანამ პრეზიდენტი საზოგადოებას მიმართავდა.

აქციის მონაწილეებმა მალევე დაადგინეს, რომ ლაზერს სასტუმრო მონოგრაფიდან ანათებდნენ. მათი მხილების შემდეგ, პარტაქტივი პლედებში ჩამალული, სახის დამალვას ცდილობდა, თუმცა ყველა მათგანის ვინაობა დადგენილია.

ერთ-ერთი პროვოკატორი დათუნა არჩვაძე "ქართული ოცნების" მთაწმინდის ახალგაზრდული ფრთის წვრია, რომელიც ამავდროულად გელა არჩვაძის შვილია, რომელიც 2014-2017 წლებში მმართველი პარტიის მთაწმინდის გამგებლის პოსტს იკავებდა. მისგან ხელმარჯვნივ კი საბა გორგაძეა, "ოცნების" ვაკის რაიონული ორგანიზაციის წევრი, რომელიც არერთ პროვოკაციაში ფიგურირებს. მათ შორის, საბა გორგოძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მომხდარი ინციდენტის მონაწილეა. გორგოძე მაშინ სამოქალაქო აქივისტებს და ოპოზიციონერებს, იმის გამო დაუპირისპირდა, რომ მათ თსუ-ში მისულ ირაკლი კობახიძეს პროტესტი გამოუცხადეს.

პლედს ამოფარებული კიდევ ერთი პროვოკატორი დავით დვალია, რომელიც "ოცნების" რიგებში ოფიციალურად ირიცხება და ამასთან ერთად, თბილისის მერის კახი კალაძის მძღოლის შვილია. ისიც არაერთ დაპირისპირებაში ფიგურირებს. მათ შორის სულ რაღაც ორი კვირის წინ, 9 ოქტომბერს იგივე დაჯგუფება ხელისუფლებამ გიორგი გახარიას მთაწმინდის შტაბში მიავლინა. არსებობს ვიდეომასალა, რომ ესხმიან თავს "ოცნების" ტიტუშკები გახარიას თანაგუნდელებს, აყენებენ შეურაცხყოფას და უზიანებენ კერძო საკუთრებას. მტკიცებულებების მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირება ინციდენტზე არ მოუხდენიათ.

კიდევ ერთი ტიტუშკა, ვინც "მთავარი არხის" წყაროს ცნობით, საქართველოს პრეზიდენტს პროვოკაციას უწყობდა, დავით მირიანაშვილია. გარდა იმისა, რომ დავით მირიანაშვილი "ოცნების" მთაწმინდის ახალგაზრდულ ფრთაში ირიცხება, ქვემო ჩუღურეთის რაიონის საუბნო განყოფილების თანამშრომელია. ინფორმაციას უშუალოდ გამგეობა ადასტურებს.

საბა ჯულაყიძე, რომელიც ასევე იმალებოდა პლედების ქვეშ, კიდევ ერთი ტიტუშკაა, რომელიც სავარაუდოდ "ოცნების" დაკვეთას პირნათლად ასრულებდა. ძალისხმევის მიუხედავად, ვერც ჯულაყიძემ შეძლო საკუთარი სახის კარგად დამალვა. სასატუმრო მონოგრაფის მესაკუთრე "ქართული ოცნების" პარლამენტი წევრი ანტონ ობოლაშვილია. დეპუტატი ამტკიცებს, რომ მოხდარზე არაფერი იცის.

მონოგრაფის ტერასა არ ყოფილა ერთადერთი ლოკაცია, საიდანან "ოცნების" ტიტუშკებმა პროვოკაცია მოაწყეს. ამ დრომდე ამოუცნობი პირი პრეზიდენტისთვის ხელშეშლას მონოგრაფის მოპირდაპირე შენობიდანაც ცდილობდა. მისი იდენტიფიცრება ვერ ხერხედება, რადგან სახე დაფარული აქვს. შენობაში, სადაც პროვოკატორი იმყოფებოდა საშვის გარეშე ვერ შედიან. ამ შენობაში სხვადასხვა ოფისია განთავსებული და ადმინისტრატორი იმასაც აცხადებს, რომ შაბათ-კვირას ოფისები არც კი ფუნქციონირებს. ამიტომ გაურკვეველია, როგორ შეაჭრა შენობაში კიდევ ერთი ტიტუშკა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი