27 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წაუყენეს | პროკურატურის ცნობით, ადგენენ დანაშაულში მონაწილე სხვა პირებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 27 წლის ტატო ფირცხალაიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი წარედგინა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო სამ დაკავებულს დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე - 376-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მკვლელობა 20 ოქტომბერს თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა: 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 20 ოქტომბერს, თბილისში, ფიროსმანის ქუჩის მიმდებარედ, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების მიზნით, ბრალდებული მეგობრებთან ერთად შეხვდა დაზარალებულს, რომელიც ასევე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა შეხვედრაზე. 

შეკრებილ პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაზარალებულს ორი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულის თანმხლებ სამივე პირს ჰქონდა ინფორმაცია, რომ რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - განზრახ მკვლელობა, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს." აცხადებს პროკურატურა

სამართალდამცველებმა ოთხივე ბრალდებული გუშინ, 21 ოქტომბერს დააკავეს.

ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. უწყების ინფორმაციითვე, გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.  

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი