გორში ავტობუსები ვერ გაავსეს | თელავის მერმა კი საჯარო მოხელეებს "ოცნების" აქციისთვის შვებულებები დააწერინა

გამოქვეყნდა:

თბილისში დაგეგმილი "ქართული ოცნების" შეხვედრისთვის მობილიზება კახეთის 8 მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს. ხელისუფლების მიერ საგანგებოდ შეკრებილი საჯარო მოხელეები თბილისისკენ, ცოტა ხნის წინ, ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დაიძრნენ.

"მივდივარ რო უნდა პატივი ვცე ჩემ "ოცნებას", ჩემ საყვარელ "ოცნებას," - ამბობს ერთ-ერთი რესპოდენტი.

თელავის მერის, ლევან ანდრიაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" აქციისთვის მან თავის თანამშრომლებს რამდენიმედღიანი შვებულება გაუფორმა.

"დღეს არის პარტია "ქართული ოცნების" შემაჯამებელი ყრილობა თავისუფლების მოედანზე და ყველა ქალაქიდან ხალხი არის მობილიზებული. დათხოვნილები არიან პირადად ჩემი თანამშრომლები, ზოგს შვებულება აქვს გაფორმებული არა 1 დღიანი, რამდენიმედღიანი. აქ იძულებით არავინ არ მოდის, ყველა თავისი ნება-სურვილით არის," - ამბობს თელავის მერი, ლევან ანდრიაშვილი.

პრორუსი ოლიგარქის პარტიის მობილიზება შიდა ქართლშიც გამოცხადდა, თუმცა საკმარისი რაოდენობა ვერ შეგროვდა. რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან "ქართული ოცნების" საჯარო მოხელეები თბილისისკენ ნახევრად ცარიელი მიკროავტობუსებით წამოვიდნენ.

საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ნაწილს შვებულებები გასულ კვირას, ჯერ კიდე იქამდე დააწერინეს, სანამ მმართველი პარტია მობილიზებას ოფიციალურად გამოაცხადებდა.

"მცხეთაში ხინკალზე [მივდივართ]. რა პრობლემაა, რა არის ახლა ამაში გასაშუქებელი, რა არის დასაძრახისი რო დავუშვათ მივდივართ სადაც მივდივართ. თბილისში მივდივართ ექსკურსიაზე," - ამბობს შიდა ქართლის მაცხოვრებელი.

შიდა ქართლიდან აქციისთვის მობილიზებულ ადამიანებს შორის სტალინის სახლ-მუზეუმის დირექტორი და თანამშრომლებიც იმყოფებიან - "კი გვაქვს შვებულება.... დიახ [ორნი მივდივართ]," - ამბობს სტალინის სახლ-მუზეუმის დირექტორი.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი