"კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა" | Politico ოლიგარქ ივანიშვილზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

"კაცი, რომელმაც ქვეყანა იყიდა" - ამ სათაურით Politico ოლიგარქ ივანიშვილზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებულ პოპულისტურ პარტიადაა მოხსენიებული და აღნიშნულია, რომ ივანიშვილს უპირობო გავლენა აქვს ხელისუფლებაზე.

"კრიტიკოსების აზრით, პარტიის კანონმდებლებს და მინისტრებს მხოლოდ თავად ივანიშვილს ერთგულება ევალებათ. მაშინ როცა საქართველოში 26 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომელსაც ბევრი მიიჩნევს, როგორც მკვეთრ არჩევანს რუსეთსა და დასავლეთს შორის, ივანიშვილი სულ უფრო მეტად განიხილება, როგორც ძალა, რომელსაც მოსკოვის დასამშვიდებლად საქართველოს ევროკავშირის ორბიტიდან გამოჰყავს." - ნათქვამია სტატიაში.

Politico აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა საკუთარი ქონება 90-იანი წლებში, რუსეთში დააგროვა, სადაც ელექტრონიკას ყიდდა და საბოლოოდ საკუთარი ბანკი "როსისკი კრედიტი" დააარსა სათავო ოფისით მოსკოვში.

Politico ივანიშვილის რუსული მედიისთვის წარსულში მიცემულ ინტერვიუზეც წერს, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ ქონების დაგროვების შემდეგ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა მისი ძმა გამოძალვის მიზნით გაიტაცეს, შემდეგ კი ამ საქმის მოსაგვარებლად მას რუსულ ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობა მოუწია.

"ამის საპასუხოდ, ახალგაზრდა მაგნატმა დაცვისთვის მიმართა სხვა ბანდას: რუსეთის მთავრობას და ძლევამოსილი მეგობრები შეიძინა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფში, რომლის მუშაობის მეთოდებიც არ განსხვავდებოდა მათგან, ვისაც ისინი ებრძოდნენ.

როგორც Politico-სთან უსაფრთხოების სამსახურების წამყვანი ექსპერტი ირინა ბოროგანი აღნიშნავს. ამ ჯგუფში შემავალი ხალხი ქრთამზე მუშაობდა და არ ერიდებოდა წამებას, ცემას და მკვლელობას. ექსპერტი ამბობს, რომ  მათ, როგორც ჩანს, ივანიშვილის საქმე გააკეთეს, მან დაიწყო ბიზნესი საფრანგეთსა და საქართველოშიც , იმავდროულად, ინარჩუნებდა თავის ფართო და გაუმჭვირვალე ბიზნეს ინტერესებს რუსეთში.

როგორც 90-იან წლების რუსეთში არსებული ვითარების მცოდნე  პირები ამბობენ, როგორც წესი, უშიშროების სამსახურებთან ასეთი თანამშრომლობა ნიშნავდა უწყვეტ ვალდებულებას. ბოროგანის თქმით, როდესაც თქვენ ითანამშრომლებთ მთავრობასთან ან უსაფრთხოების სამსახურებთან, ისინი არასოდეს გაგიშვებენ თვალთახედვიდან," - წერს Politico.

სტატიაში მიმოხილულია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლა და 12 წლიანი მმართველობა. ნათქვამია, რომ დროთა განმავლობაში "ქართული ოცნება" აღიქმებოდა არა იმდენად პოლიტიკურ პარტიად, არამედ როგორც  ივანიშვილის ღრმა ჯიბეების გაგრძელებად.

"მისი მეზობელი რუსეთის მსგავსად, საქართველოსაც აქვს დემოკრატიის ზედაპირული თვისებები, მათ შორის პარლამენტი, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი და არჩევნები. მაგრამ ივანიშვილის დროს, ქვეყნის ვითომ წარმომადგენლობითი ინსტიტუტები სულ უფრო მეტად ცენტრალიზებულია ერთ წყვილ ხელში." - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში მოყვანილია ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას სიტყვები, რომ მინისტრებს, მათ შორის პრემიერს, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება პარტნიორებთან მოლაპარაკებების დროს, რადგან გადაწყვეტილებები უნდა დაამტკიცოს ივანიშვილმა.

გამოცემას საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს ანგარიში მოჰყავს, რომლის თანახმად, "ივანიშვილის შიდა კონტროლი არის მნიშვნელოვანი, მათ შორის მმართველ პარტიაზე, საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტებზე (განსაკუთრებით სასამართლო და უსაფრთხოების სამსახურებზე) და ეკონომიკურ ასპარეზზე. შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის ყველა ძირითადი წევრი და პარტიის წარმომადგენლები მასზე არიან დამოკიდებული".

"ივანიშვილის კონტროლი ქართულ ოცნებაზე აშკარა იყო, როდესაც პარტიამ თებერვალში პრემიერ-მინისტრად დასავლეთის კრიტიკოსი ირაკლი კობახიძე დანიშნა. პოდიუმზე ასვლამდე კობახიძე წინა რიგში მჯდომი ივანიშვილთან შეჩერდა და სცენაზე წასვლის ნებართვა სთხოვა." - ნათქვამია სტატიაში.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოს უმდიდრესი კაცისთვის ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანებაზე უარი არ იქნება მარცხი. ეს შეიძლება ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს მაგალითმაც დაადასტუროს, რადგან დასავლეთიდან მოსკოვისკენ შემობრუნება მომავალ ავტოკრატს აძლევს შესაძლებლობას გააძლიეროს სრული კონტროლი.

"თუმცა, რიგითი ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ოცნებობენ კეთილდღეობაზე და პიროვნულ თავისუფლებაზე, ანგარიში განსხვავებულია.  მიუხედავად იმისა, რომ თუ ქვეყანაში ბევრი შემოსავალი ივანიშვილის მფარველობის სისტემაზეა  დამოკიდებულიბევრიც შტატებისა და ევროპის განვითარების დახმარებას და ინვესტიციებს ეყრდნობა. ივანიშვილს შეიძლება ჰქონდეს ფული, მაგრამ საბოლოო ჯამში, რიგით ქართველ შეიძლება მოუწიოს მისი გადაწყვეტილებების გამო ფასის გადახდა" - ნათქვამია სტატიაში.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი