"აქციების დარბევაზე აზრის გამოთქმისთვის [მოგვთხოვეს] დაგვეწერა პატაკები სამსახურიდან წასვლაზე... ყველანი არჩევნებზე!" | შსს-დან გათავისუფლებული თანამშრომლის მიმართვა

გამოქვეყნდა:

შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი, რამინ სირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის ჰყვება, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სპეცრაზმელების მიერ დემონსტრანტების სასტიკად ცემას გაემიჯნა, რის შედეგადაც, მას და მის თანამშრომელს განცხადების დაწერა და სამსახურიდან წასვლა აიძულეს.

"ძალიან დავიღალე დღევანდელი რეალობით!!! მინდა ჩემი სათქმელი გადმოვცე. ასე თუ ისე მეგობრებში ვინც მყავს ყველა მიცნობს მეტნაკლებად და იცით ჩემი წარსული და აწმყო. დავიწყებ იმით, რომ მიშას წინააღმდეგ ყველა აქციაზე ვარ ნამყოფი 2007 წლიდან. ანუ ამით მინდა დავაფიქსირო, რომ არ ვყოფილვარ ნაციონალების მომხრე. მიუხედავად იმისა რომ 2011 წელს მე გავხდი პოლიციელი და 1 წელი მომიწია ნაცების დროს მუშაობა (საერთოდ არ ვიყავი არაფერში გარეული), ქოცების მოსვლის შემდგომ მათგან მივიღე სერიოზული თანამდებობრივი დაქვეითება, თუმცა გავაგრძელე მუშაობა და მივაღწიე ვიცე-პოლკოვნიკობას და ბოლო 8 წელი ვიმუშავე შსს გენერალურ ინსპექციაში. (ყველაზე მნიშვნელოვანი დეპარტამენტი რომელზეც უნდა იდგეს პოლიცია), ბევრი კარგი საქმე გამიკეთებია, მქონდა ჯილდოს სახით 2 ვადამდელი წოდება, 4 მადლობის სიგელი მინისტრისგან და არაერთი ფულადი პრემია, (ცუდი თანამშრომელი, რომ ვყოფილიყავი ალბათ ამ ჯილდოებს ვერ მივიღებდი).

მყავდა სამსახურებრივი ავტომანქანა, ბენზინი, ასე თუ ისე ნორმალური ხელფასი და სხვა პრივილეგიები. თუმცა რუსული კანონის მიღების პერიოდში არსებულ საპროტესტო გამოსვლებზე  როდესაც ვუყურებდი ხალხს როგორ უსწორდებოდნენ, მე და ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა დაახლოებით 60-65 წლის კაცი პირველ სკოლასთან ძლივს გამოვგლიჯეთ ხელიდან გაავებულ სპეცრაზმელებს. ასეთ შემთხვევებზე ღიად ვაფიქსირებდი ჩემ აზრს, რომ ხალხის ცემა ასეთი სისასტიკით არანაირ საზღვრებში არ ჯდებოდა.

სწორედ ამის გამო დამიბარეს მე და კიდევ ჩემი ერთი თანამშრომელი (ვინაობას არ დავასახელებ) გვითხრეს რომ პოლიციელებს ვამტყუნებთ და სხვა მხარეს ვდგავართ და უნდა დაგვეწერა პატაკები სამსახურიდან წასვლაზე. თან ყველაზე სასაცილო ის არის რომ ისეთმა კაცმა მითხრა ეს ყოველივე ვისაც ხელები გაცვეთილი ჰქონდა მიშაზე ტაშის კვრით და ხმა ჩახლეჩილი მიშას ძახილით. ამის ვიდეო არსებობს იუთუბ არხზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც რაღაც არ მომწონს არ ნიშნავს რომ ვიღაცის მომხრე ვარ, რაც არ მომწონდა ნაცების დროს იმასაც ვაფიქსირებდი და რაც ახლა არ მომწონს იმასაც ვამბობ. ბევრი ღირსეული პოლიციელი მუშაობს დღეს სისტემაში და ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ. ბევრთან მეგობრობა მაკავშირებს და არასდროს ღირსეულ პოლიციელს მე არ გავამტყუნებ.

მე მიყვარს ჩემი ქვეყანა!!! მე მშობლებმა ასე გამზარდეს და როდესაც 9 აპრილს დედაჩემი რუსთაველზე იდგა ბუნდოვნად მაგრამ მახსოვს როგორ ვიდექი ტელევიზორთან 5 წლის და როგორ ვუყურებდი რაც იქ ხდებოდა. რუსულ ენას სკოლაში პროტესტის ნიშნად არ ვსწავლობდი!!! (ეგ ცალკე თემაა სწორი იყო თუ არა, ალბათ ჯობდა მაინც მესწავლა) რუსეთი ოკუპანტია!!! რუსეთი ჩვენი მტერია!!! ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია მათ მიერ და გვყავს ათიათასობით იძულებით გადაადგილებული პირი მათ გამო. უამრავი დაღუპული ადამიანი, უამრავი გმირი. ვენაცვალე მათ ხსოვნას და სულებს!!! ბოდიშს ვიხდი თუ რამე არასწორად დავწერე და მოგაბეზრეთ თავი. ყველანი არჩევნებზე!!!" - წერს რამინ სირაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი