ენჯეოების დაშინების მცდელობა არჩევნებამდე 2 დღით ადრე | სპეცოპერაცია და ჩხრეკა რუსული დეზინფორმაციის მკვლევრებთან

გამოქვეყნდა:

ეთო ბუზიაშვილთან საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები დილის 8 საათზე მივიდნენ. ბინაში მოტყუებით შევიდნენ და ატლანტიკური საბჭოს თანამშრომელს ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მისცეს. უთხრეს, რომ ეძებდნენ მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დოკუმენტს. წაიღეს ტექნიკა, ბუზიაშვილის პირადი ტელეფონი და ზუსტად არ განუმარტეს, რას უკავშირდებოდა საგამოძიებო მოქმედება მის საცხოვრებელ სახლში. 

პარალელურად, ფინანსთა სამინისტროს გამომძიებლები მივიდნენ კიდევ ერთ მკვლევართან. სოფო გელავაც ატლანტიკური საბჭოს თანამშრომელია. ბუზიაშვილის მსგავსად  იკვლევს სახელისუფლებო ჩარევებს, რუსულ გავლენებს საქართველოში და დეზინფორმაციის გავრცელებას. მისი პირადი ტელეფონისა და ლეპტოპის გარდა, სამართალდამცველებმა წაიღეს გელავას მეუღლის გიორგი ნონიაშვილის პირადი ნივთებიც. პარტია ფედერალისტების წევრს არჩევნებამდე 2 დღით ადრე გაუგებარი საგამოძიებო მოქმედებები ბევრ კითხვას და ეჭვს უჩენს. 

კითხვები ჩნდება, მითუმეტეს, რომ ადვოკატის მტკიცებით სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება უკანონოა. კანონის მიხედვით, გამოძიებასაც და სასამართლოსაც უნდა ჰქონდეს მიზანი, კონკრეტული ნივთმტკიცების ამოღების შესახებ, თუმცა მოსამართლის მიერ გაცემულ დოკუმენტში მსგავსი არაფერია მითითებული. 

ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა იმ ორგანიზაციას წარმოადგენენ, რომელიც რუსულ დეზინფორმაციასა და ტროლ-ბოტების ქსელებს იკვლევს. სწორედ მათი კვლევის საფუძველზე მეტამ Facebook და Instagram ანგარიშები დაუბლოკა კრემლის მიერ კონტროლირებად უამრავ ორგანიზაციას. ამის გამო, ეთო ბუზიაშვილი პუტინის ხელისუფლებამ რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ გამოძიება ე.წ ქოლცენტრებს უკავშირდება და 3 მუხლით მიმდინარეობს. ჩვენთვის ცნობილია, თაღლითობის, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისთვის თავის არიდების მუხლებით მიმდინარე გამოძიებაში ევროფასთ ინთერნეიშენალი ფიგურირებს. ბიზნეს საკონსულტაციო ფირმა, რომელიც ატლანტიკური საბჭოს კონტრაქტორი კომპანიაა. 

"ევროფასთის" საქმიანობასთან არც ეთო ბუზიაშვილს და არც სოფო გელავას შეხება არ აქვთ. ამიტომ ჩნდება კითხვები, რატომ დაინტერესდა რუსული გავლენის მკვლევრებით საგამოძიებო უწყება. მესამე სექტორში ამას წინასაარჩევნო პერიოდს და არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინების მცდელობას უკავშირებენ. 

რა ინფორმაციას ეძებს გამოძიება ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლების ტელეფონებსა და ლეპტოპებში უცნობია. ფაქტია, რომ არჩევნებამდე 2 დღით ადრე რუსული გავლენის მკვლევრების სახლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები ყველას უჩენს საფუძვლიან ეჭვებს და კითხვებს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი