"პოლიტიკური პარტიები მზად ვართ, 26 ოქტომბრის ევროპული გამარჯვება არ დავუთმოთ ივანიშვილს. ამისთვის მნიშვნელოვანია სისტემური მუშაობა", - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიცია ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნებას, საერთო ძალებით, სალომე ზურაბიშვილთან ერთად ეცდება.
"ქართული ოცნება", რომელმაც რუსული სპეცოპერაცია ჩაატარა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არჩევნების სახით, ბუნებრივია მუდმივად იმუშავებს კვლავაც რუსული დეზინფორმაციის და რუსული პროპაგანდის მეთოდებით. თუმცა მთავარია, რომ მათ შორის გუშინდელმა დღემ დაამტკიცა და იმ საზოგადოების კონსოლიდაციამ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ აქციაზე, სადაც ოპოზიცია, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი იტვირთა საკუთარ თავზე, ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენით, ყველა ვიყავით ერთად.
ეს აქცია ნამდვილად იყო და არის მტკიცებულება იმის, რომ საზოგადოება მზად არის და პოლიტიკური პარტიები მზად ვართ 26 ოქტომბრის ევროპული გამარჯვება არ დავუთმოთ ივანიშვილს და 26 ოქტომბრის ევროპული გამარჯვება დავიბრუნოთ. ამისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ძალიან მწყობრი, ძალიან მიზანმიმართული სისტემური მუშაობა და სწორედ ამას ვაკეთებთ, მათ შორის იმით, რომ გვაქვს ასეთი მჭიდრო და ინტენსიური კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც მზად არის ჩვენთან ერთად, გუშინ მან კიდეც თქვა სცენიდან ხალხის წინაშე, რომ ის დებს ფიცს ქართველი ხალხის წინაშე, რომ ბოლომდე იბრძოლებს ევროპული მომავლისთვის, რომ ჩვენ ერთიანი ძალებით, საერთო ძალებით მასთან სრულ კოორდინაციაში და მასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით, დავიბრუნოთ არჩევნების უფლება, რომელიც ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებზე წაგვართვა და დავიბრუნოთ ქვეყნის ევროპული მომავალი.
მათ შორის, ნახეთ თქვენ არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება, ვმუშაობთ საერთაშორისო აქტორებთან, ნახავდით მაკრონის განცხადებას, რომელმაც თქვა ეს არჩევნები არ შედგა, ნახავდით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, სახელმწიფო დეპარტამენტმა მოითხოვა საერთაშორისო გამოძიება, არა ის ფარსი, რომელზეც პაპუაშვილი და კობახიძე ისაუბრებენ, არამედ საერთაშორისო გამოძიება, მათ შორის, ევროკომისიის ჩართულობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩართულობით, რომელიც ყველა კომპონენტს შეისწავლის, მათ შორის სიებს, რომლებიც მათ ატვირთეს, სადაც დარწმუნებული ვარ უამრავი დუპლიკაცია ამოვა, რომელიც მათ გამოიყენეს გაყალბების მექანიზმისთვის. ეს იყო ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენება გაყალბებისთვის. ასე რომ ვმუშაობთ, ვმუშაობთ ძალიან ინტენსიურად და რაც მთავარია, ჩვენი პოზიციები არის სრულიად ერთიანი იმ დიდი გამარჯვების დასაბრუნებლად, რომლებიც ხალხმა მოიპოვა 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებში," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.