საქართველო საერთაშორისო იზოლაციაშია - ბრიუსელში საქართველოს შესახებ საგანგებო განხილვა გაიმართება. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროპული საბჭოს პოლიტიკისა და უსაფრთხოების საგანგებო სხდომა მოიწვია. ევროპელი გადაწყვეტილების მიმღები პირები მსჯელობენ, როგორ უნდა უპასუხონ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას არჩევნების მიტაცების შესახებ.
ამერიკის შეერთებული შტატები კი ოლიგარქის პარტიის მიერ მოპარული არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე ალაპარაკდა და ამ გამოძიების შედეგამდე არჩევნების აღიარების საკითხზე არ საუბრობს. ყოველდღიური ბრიფინგი სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოში ჩატარებულ საარჩევნო სპეცოპერაციაზე საუბრით დაიწყო და მიანიშნა, რომ თუ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ქმედებები არ შეიცვლება, ოფიციალური ვაშინგტონიდან პასუხიც შესაბამისი იქნება.
საქართველო კი მოპარული არჩევნების პირველ შედეგებს იმკის. შვედეთი, რომელიც ჩვენი ქვეყნის რიგით მესამე უმსხვილესი დონორია, "ოცნების" ხელისუფლებასთან ურთიერთობას წყვეტს. შედეგად, სხვა სიკეთეებთან ერთად, კითხვის ნიშნის ქვეშაა ფინანსური დახმარებაც, რომელიც ბოლო წლებში შვედეთიდან დაახლოებით 3 მილიარდ კრონს შეადგენს. ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზებს შვედეთის პრემიერმინისტრი განმარტავს, რომელიც "ქართულ ოცნებას" კრემლის გავლენის ქვეშ მყოფ მთავრობას უწოდებს.
ოლიგარქის მთავრობასთან ურთიერთობების გადაფასებისთვის ემზადება კანადაც. გადაწყვეტილება ჯასტინ ტრუდოს გუნდმა დიდი შვიდეულის, ანუ ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან კონსულტაციებით მიიღო. ისეთ ქვეყნებთან,როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები. ურთიერთობების ცვლილების მიზეზი ამ შემთხვევაშიც ივანიშვილის გუნდის მიერ მოპარული არჩევნებია.
როგორ მოპარა ოლიგარქმა არჩევანი ქართველ ხალხს - საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობას დასავლეთში სულ უფრო და უფრო მეტი მომხრე ჰყავს. მათ შორისაა საქართველოს მეგობარი ქვეყნის, პოლონეთის პრეზიდენტი, რომელიც გაყალბების შესახებ ღიად ალაპარაკდა და საჭიროების შემთხვევაში საქართველოში ჩამოსვლაც არ გამორიცხა.
ევროკავშირს მოპარული არჩევნების არაღიარებისკენ მოუწოდებს ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეც. მიხაელ როთი ქართველ ხალხს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
ქართული პროდასავლური საზოგადოების გვერდით დგას სვეტლანა ტიხანოვსკაიაც. ბელარუსი პოლიტიკოსი, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს ხალხისთვის არჩევანის უფლების წართმევა.