აღმოსავლეთ და სამხრეთ ესპანეთში, 28 ოქტომბერს, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, შედეგად სულ მცირე 51 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მთავრობა ავრცელებს.
"ჩვენ ვდგავართ უპრეცედენტო ვითარების წინაშე, რომელიც არავის ახსოვს," - განაცხადა რეგიონული მთავრობის მეთაურმა კარლოს მაზონმა.
ოფიციალური პირების განცხადებით სულ მცირე 7 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სატვირთოს მძღოლი ვალენსიის რეგიონში და ექვსი ადამიანი ქალაქ ლეტურში, აღმოსავლეთ პროვინცია ალბასეტში. ესპანეთის საზოგადოებრივ ტელევიზია TVE-სთან ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელმა კასტილა-ლა მანჩაში, მილაგრას ტოლონმა განაცხადა, რომ დაკარგულების მოსაძებნად სასწრაფო დახმარების ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობენ - "პრიორიტეტი ამ ადამიანების პოვნაა," - თქვა ტოლონმა.
მომხდართან დაკავშირებით, ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ კრიზისული კომიტეტი შექმნა.
"ყურადღებით ვაკვირდები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ცნობებს და ბოლო საათებში ქარიშხლის შედეგად მიყენებულ ზარალს," - წერს პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი X-ზე.
ვალენსიის მერიამ სკოლებში სწავლება შეაჩერა. ძლიერი წვიმის შედეგად შეფერხდა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლაც. ვალენსიის აეროპორტის 12 რეისი ესპანეთის სხვა ქალაქებში გადამისამართდა, 10 კი გაუქმდა. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ეროვნულმა ოპერატორმა ADIF-მა განაცხადა, რომ მან შეაჩერა ყველა სარკინიგზო მიმოსვლა ვალენსიის რეგიონში. რეგიონული მთავრობის განცხადებით, ანდალუსიის სამხრეთ რეგიონში ჩქაროსნული მატარებელი 276 მგზავრით რელსებიდან გადავიდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტო AEMET-მა ვალენსიის რეგიონში წითელი განგაში, ანდალუსიის ნაწილებში კი მეორე ყველაზე მაღალი დონის განგაში გამოაცხადა. მეტეოროლოგების თქმით, წვიმები სავარაუდოდ ხუთშაბათამდე გაგრძელდება.