უკიდურესი გაჭირვება ქვეყანაში - ეკონომისტები ქვეყნის მთავარ საფრთხედ ხელისუფლების პოლიტიკას მიიჩნევენ. ამბობენ, რომ ქვეყნაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარება და უმუშევრობა "ქართული ოცნების" ერთგვარი სტრატეგიაა, რომ ციფრებით მანიპულირება მარტივად შეძლოს.
ვეფხვია ბერიძე ექვსი შვილის მამაა და უკიდურესად უჭირს. "მთავარ არხთან" ყვება, რომ სახლში ელემენტარული პირობებიც არ აქვს იმისთვის, რომ ბავშვები გაათბოს და გამოკვებოს. ვეფხვიას მსგავსად საქართველოს ასობით მოქალაქე რომ უმუშევარია და უკიდურესად უჭირს, ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტატისტიკამაც აჩვენა. სტატისტიკის თანახმად, საქართველო უმუშევრობის დონით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია.
სამუშაო ადგილების ნაკლებობა, მაღალი ფასები, ინფლაცია და უპერსპექტივობის განცდა - ამ რეალობიდან გამომდინარე ხალხი მზადაა საკუთარი სამშობლო მიატოვოს და მძიმე ემიგრაციის გზას დაადგეს. მიტაცებული არჩევნების შემდეგ კი ადამიანები ამბობენ, რომ თუკი ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები არ მოხდა, მოსახლეობა კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩავრდება და იმაზე მეტად გაუჭირდება, ვიდრე ახლა უჭირს.