საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტთან დაკავშირებით, შვედეთის პრემიერ-მინისტრის ულფ კრისტენსონის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ოფიციალურმა ბუდაპეშტმა შვედეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა.
თბილისში ვიზიტად მყოფმა ვიქტორ ორბანმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალი და დემოკრატიული უწოდა, მაშინ როდესაც არჩევნების დემოკრატიულობა ეჭვქვეშ დგას და ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მასშტაბურ გაყალბებაზე საუბრობს.
ორბანის კომენტარზე საპასუხოდ, ულფ კრისტერსონმა შვედურ მედიასთან განაცხადა, რომ უნგრეთის ლიდერი არ საუბრობდა შვედეთის ან სხვა ევროპული ქვეყნების სახელით, მაგრამ "შესაძლოა საუბრობს რუსეთის სახელით".
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, მათი ელჩის მისვლა უნგრეთის საგარეო სამინისტროში, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.