"ოცნების" ჩინოვნიკების გასაიდუმლოებული სამოგზაურო ხარჯები | რა კანონდარღვევები გამოავლინა "სტუდია მონიტორმა"

გამოქვეყნდა:

 

რუსული კანონის ავტორი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები ევროპაში მოგზაურობენ და მოგზაურობასა და ძვირადღირებულ ნივთებზე გაწეულ ხარჯებს ასაიდუმლოებენ. ამის შესახებ საუბარია "სტუდია მონიტორის" ახალ ჟურნალისტური გამოძიებაში - "ოცნების ჩინოვნიკების გასაიდუმლოებული სამოგზაურო ხარჯები".

"სტუდია მონიტორის" გამოძიება დავით კაჭარავას, არჩილ თალაკვაძის, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისა და გენერალური პროკურორის გიორგი გაბიტაშვილის დეკლარაციებს ეხება, რომლებიც სრულყოფილად არაა შევსებული და არაა შეტანილი სხვადასხვა ხარჯები, მათ შორის მოგზაურობის.

როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, მმართველი პარტიის ჩინოვნიკების დეკლარაციებს არასათანადოდ აკონტროლებს ანტიკორუფციული ბიურო რაჟდენ კუპრაშვილის მეთაურობით.

პარიზი, ბარსელონა, ნეაპოლი – ეს იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია, სადაც დავით კაჭარავამ 2023 წელს იმოგზაურა ქეთევან ხატიაშვილთან ერთად. ხარჯები კი 2024 წლის დეკლარაციაში არ აუსახავს. დავით კაჭარავამ დეკლარაციასთან დაკავშირებით "სტუდია მონიტორის" გამომძიებელი ჟურნალისტის კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

"მთავარ არხთან" საუბარზე უარი განაცხადა არჩილ თალაკვაძემაც, თუმცა როგორც "სტუდია მონიტორთან" კომენტარში ამბობს, ის დეკლარაციას შესაბამისად ავსებს.

"ნებისმიერი ხარჯი, 5000 ლარზე ზევით მე მაქვს დეკლარირებული, როგორც ჩანს, ამ ვიზიტებში არც ერთი არ იყო ან იყო მივლინებაში ჩემთან ერთად ჩემი მეუღლე თავის დანახარჯებით, რომელიც არის ბევრად ნაკლები ყველა ასეთ შემთხვევაში." - აცხადებს თალაკვაძე.

ფინანსთა მინისტრის ცოლი პორტუგალიაში 2023 წლის სექტემბერში მოგზაურობდა. თუმცა ლაშა ხუციშვილის 2024 წლის დეკლარაციაში ამ ხარჯებზე არაფერია ნათქვამი. სამინისტროდან "სტუდია მონიტორს" მინისტრის წერილობითი პასუხი გამოუგზავნეს, რომელშიც მითითებული იყო, რომ ეს მოკლევადიანი ვიზიტები პირადად დაგეგმეს, Wizz Air-ის, Ryanair-ის და Aeroitalia-ს ავიახაზების მეშვეობით და მოგზაურობის ჯამური ხარჯი თითოეულ შემთხვევაში არ აღემატებოდა 5000 ლარს. თუმცა შესაბამისი მტკიცებულებები – ავიაბილეთებისა და სასტუმროს ღირებულება არ წარმოუდგენია.

გენერალური პროკურორის ცოლმა ინსტაგრამში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ მას ხელში Christian Dior-ის ჩანთა უჭირავს, რომლის ფასი ონლაინ სავაჭრო პლატფორმებზე 5000 ლარს ბევრად აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ დეკლარირებას ექვემდებარება, თუმცა პროკურორს ეს ხარჯი დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. გაბიტაშვილის ცოლის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ გასულ წლებში წყვილმა იმოგზაურა დუბაიში, ბარსელონაში, რომში,. შესაბამისი ხარჯები კი ქმრის დეკლარაციებში ასახული არ არის. გენერალური პროკურატურის პრესსამსახურიდან "სტუდია მონიტორს" წერილობით უპასუხეს, რომ გიორგი გაბიტაშვილის დეკლარაცია შევსებულია კანონმდებლობის შესაბამისად და სრულად ასახავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა ინფორმაციას. მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა პროკურატურის პასუხს, უწყებიდან არ მიუწოდებიათ.

ამ ფონზე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი წესისამებრ მოწმდება.

"ჩვენ ვამოწმებთ ყველაფერს. მონიტორინგის ფარგლებში მოწმდება ყველა საკითხი, აბსოლუტურად ყველა საკითხი და ეს არის კანონით განსაზღვრული და შეგიძლიათ ჩახედოთ კანონს და ნახავთ, მოწმდება ყველაფერი," - განაცხადა კუპრაშვილმა სტუდია მონიტორთან.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი