მოვუწოდებთ ქვეყანაში არსებულ სხვა ბიზნეს ორგანიზაციებს, დაგმონ ეს ანტიდემოკრატიული არჩევნები და ევროპული გზიდან გადახვევის ნებისმიერი მცდელობა | ICC Georgia

გამოქვეყნდა:

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ICC Georgia (საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში) ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. როგორც სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ICC Georgia გმობს ევროატლანტიკური გზიდან ნებისმიერ გადახრას.

"საარჩევნო პროცესში მასიური, სისტემური დარღვევების შესახებ ცნობებმა, მათ შორის არჩევნების თარიღამდე, მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია ბიზნეს საზოგადოებაში.

დემოკრატიული პროცესების მთლიანობა ფუნდამენტურია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული პრინციპებისადმი ქვეყნის ერთგულებისთვის, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ნებისმიერ გადახრას ამ გზიდან რუსეთთან მორგებული პოზიციისკენ.

ICC Georgia სრულად უჭერს მხარს საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომელმაც გამოთქვა მსგავსი შეშფოთება ამ არჩევნებთან დაკავშირებით, მიიჩნევს მას არალეგიტიმურად და მოწოდებას აკეთებს დემოკრატიული ნორმების დაცვისა და გამჭვირვალობისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურად დაინტერესებულ ყველა მხარეს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიული პრინციპები, რათა უზრუნველყოს ქართველი ხალხის ნების პატივისცემა და დაცვა." - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაცია ქვეყანაში არსებულ სხვა ბიზნეს ორგანიზაციებს მოუწოდებს, დაგმონ ანტიდემოკრატიული არჩევნები და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ევროპული გზიდან ნებისმიერი გადახვევის მცდელობა. ამასთან მოუწოდებენ ხელისუფლებას დაუყონებლივ ჩაატარონ რიგგარეშე არჩევნები, რომელსაც წარმართავს ნეიტრალური საერთაშორისო ორგანოები.

"როგორც ევროპასთან საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის პროცესის აქტიური მონაწილე, ICC Georgia ხაზს უსვამს ამ ტრაექტორიის შენარჩუნებას ჩვენი ერის კეთილდღეობისა და განვითარებისთვის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას და დაუყონებლივ ჩაატარონ რიგგარეშე არჩევნები, რომელსაც წარმართავს ნეიტრალური საერთაშორისო ორგანოები, რათა ხალხის ნება თავისუფლად და ლეგიტიმურად იქნას გამოხატული.

ICC Georgia ასევე მოუწოდებს ქვეყანაში არსებულ სხვა ბიზნეს ორგანიზაციებს, დაგმონ ეს ანტიდემოკრატიული არჩევნები და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ჩვენი ევროპული გზიდან ნებისმიერი გადახვევის მცდელობა." - ნათქვამია განცხადებაში.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი