ყოფილი დიპლომატების შეფასებით, დუმილი, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოქმედი დიპლომატები ინარჩუნებენ, არის თანამონაწილეობა ქვეყნის გარუსების პროცესში.
"არასდროს გვახსოვს, რომ საქართველოს დიპლომატიას ასე ჰქონდეს დაკარგული მისია, ასე შორს იყოს ქართველი ხალხის ნება-სურვილის შესრულებისგან. ყველანი ვხედავთ, რომ ქართული დიპლომატია ჩადგა რუსული რეჟიმის სამსახურში და უპრობლემოდ ასრულებს იმ დავალებებს, რომელიც აქვს ივანიშვილის მთავრობისგან.
მე ვფიქრობ რომ ქართული დიპლომატია დღეს არის ძალიან რთულ მდგომარეობაში.არ მესმის რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი დიპლომატიის დღის აღნიშვნისა. ერთადერთი ამოცანა რაც დღეს ქართულ დიპლომატიას უნდა ჰქონდეს ეს არის ევროინტეგრაცია და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ვიცით, რომ ორივე მიმართულებით გვაქვს უკიდურესი უკუსვლა," - აცხადებს საქართველოს ყოფილი ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე.
საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთსა და უკრაინაში ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ დიპლომატების პოზიცია შეიძლება შეფასდეს როგორც არაკომპეტენტური ან არაპრინციპული
"დღევანდელი პოზიცია ჩვენ შეიძლება შევაფასოთ ან როგორც არაკომპეტენტური, ან როგორც არა პრინციპული.არაკომპეტენტური თუ დიპლომატები რეალურად თვლიან, რომ ის კურსი, რომელსაც ატარებს მმართველი პარტია ემსახურება ევროინტეგრაციის და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, არა არა პრინციპული კი თუ არ თვლიან ასე და მაინც ემსახურებიან. ეს არის ძალიან რთული არჩევანი, ყველამ თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს. რაც შეეხება მილოცვებს, მე დიდი სიამოვნებით მივულოცავ დიპლომატის დღეს ქართველ დიპლომატებს დღეს რუსთაველზე 7-დან 3-საათამდე თუ იქ იქნებიან," - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.