დღეს ჩვენ „ქართული ოცნების“ ბრიფინგზე ვიხილეთ საქართველოს ღალატის მორიგი ფაქტი, სადაც მოქმედმა პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინა რუკა, სადაც აფხაზეთი და ჩვენი მშობლიური და უმნიშვნელოვანესი სამაჩაბლო არ არიან საქართველოს შემადგენლობაში წარმოდგენილი - ასე ეხმაურებიან ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში პაპუაშვილის დღევანდელ პრეზენტაციას.
პრესსპიკერ ლევან სანიკიძის განცხადებით, სწორედ ამის ლეგიტიმაციას ცდილობს დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. სანიკიძე "ოცნებას" კანონმდებლობას ახსენებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის გამოყენება დასჯადია
"ხელისუფლება, რომელიც თავს უკრავდა ლავროვს, თავს უკრავდა სიმონიანს იმ განცხადებებზე, სადაც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მიჩნეულია დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. თუ არ ესმით და ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, გაიხსენონ რა არის საქართველოს რუკა და ამასთანავე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ 343-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულია შემდეგი ჩანაწერი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე." განაცხადა სანიკიძემ.