მოლდოვის პროევროპელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ არჩევნების მეორე ტურში ხმების თითქმის 55% მოიპოვა და მეორე ვადით გაიმარჯვა. მან პრორუსული სოციალისტური პარტიის კანდიდატი ალექსანდრ სტოიანოგლო დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ სანდუმ განაცხადა, რომ მიუხედავად მოსკოვის უპრეცედენტო ჩარევისა, ამომრჩევლების მოსყიდვისა და დაშინებისა, მოლდოველმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა.
მოლდოვაზე განხორციელებული შეტევა ევროპის ისტორიაში უპრეცედენტო იყო. შავი ფული, ამომრჩევლების მოსყიდვა, საარჩევნო პროცესში კრიმინალური ძალების ჩართვა, ტყუილების გავრცელება, საზოგადოებაში შიშისა და სიძულვილის გაჩენა. კრემლმა საპასუხო განცხადება უკვე გააკეთა და არჩევნებში მისი ჩარევის შესახებ გავრცელებული ხმები უარყო, თუმცა მსგავს ქმედებებში მოსკოვს მხოლოდ მოლდოველები არ ადანაშაულებენ.
გადამწყვეტი როლი კი სანდუს გამარჯვებაში ემიგრაციაში მყოფმა მოლდოველებმა შეასრულეს. უცხოეთში გახსნილი უბნებიდან ხმების დათვლამდე 51%-ით პრორუსი სტოიანოგლო ლიდერობდა, სანდუ კი მხოლოდ დედაქალაქ კიშინიოვში იმარჯვებდა. ემიგრანტების ხმების დათვლის შემდეგ კი სანდუს უპირატესობა საგრძნობი გახდა და მის შტაბშიც გამარჯვება ემოციურად აღნიშნეს.
გამარჯვებულ პრეზიდენტს წარმატება უკვე მიულოცეს მსოფლიო ლიდერებმა, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც განაცხადა, რომ მოხარული იქნება მოლდოველი ხალხის ევროპული მომავლისთვის მუშაობის გაგრძელებით.