საიას გადაეცა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრი მოსამართლის ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ დააკმაყოფილა საიას სარჩელი ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით და ბათილად იქნა ცნობილი #25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისიის 2024 წლის 31 ოქტომბრის #18/2024 განკარგულება.
„საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პარლამენტი შედგება თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან. შესაბამისად საარჩევნო ფარულობა კონსტიტუციურ დონეზეა აყვანილი. ცხადია, რომ თუ საარჩევნო ფარულობა არ არის დაცული, ამომრჩეველს ერთმევა კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ექცევა წნეხის ქვეშ, რითიც თავისუფალი ნების გამოვლენა ესპობა“ - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში. სრულად
სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელმაც თავად ჩაატრა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი.