ამერიკის შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება აშშ-ის მორიგი, რიგით 47-ე პრეზიდენტი. როგორც არლინგტონის საარჩევნო უბნიდან "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა "მთავარი არხის" ეთერში ჩართვისას ისაუბრა, ამ დროისთვის, კენჭისყრის პროცესი, ქვეყნის მასშტაბით, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
აშშ-ში ვარაუდობენ, რომ მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული იქნება ისტორიაში. სწორედ ამიტომ ორივე პარტიის კანდიდატმა თავისი კამპანია მერყევ შტატებში დაასრულეს. ე.წ. მერყევ შტატებად მიიჩნევა ჯორჯიის, ჩრდილოეთ კაროლინის, მიჩიგანის, ვისკონსინის, არიზონას, ნევადასა და პენსილვანიას.
სწორედ პენსილვანიაში ჰქონდა ბოლო წინასაარჩევნო მიმართვა კამალა ჰარისს:
"ნება მომეცით ყველას შევახსენო, რომ თქვენი ხმა არის თქვენი ძალა. ამიტომ, ბოლოჯერ გეკითხებით: მზად ხართ თუ არა, რომ თქვენი ხმა ყველამ გაიგონოს? გვჯერა თუ არა თავისუფლების? გვჯერა თუ არა შესაძლებლობების? გვჯერა თუ არა ამერიკის? მზად ვართ თუ არა, რომ ამისთვის ვიბრძოლოთ? როდესაც ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ვიმარჯვებთ!", - მიმართა დემოკრატმა კანდიდატმა მხარდამჭერებს.
"რესპუბლიკელმა" დონალდ ტრამპმა კი საარჩევნო კამპანია ჩრდილოეთ კაროლინაში დაასრულა:
"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხვალიდან გავაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ. ეს არის ის, რომ ამერიკა ისევ დიადი გავხადოთ. ჩვენ ახლა ვლიდერობთ ყველა მერყევ შტატში და ახლა მხოლოდ ამის გაფორმება გვჭირდება. ისინი ჩვენ ამაში ხელს ვერ შეგვიშლიან", - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს.