ალხესირარის პორტში, ესპანეთის პოლიციამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის, 13 ტონა კოკაინი ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება.
მედია წერს, რომ ნარკოტიკული საშუალება ბანანებით სავსე კონტეინერში იყო დამალული. ქვეყნის სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ მიერ აღმოჩენილი კოკაინის რაოდენობა ევროპის ისტორიაში მეორეა. მათი განმარტებით, ასეთი დიდი პარტიის ამოღებას მსოფლიო მნიშვნელობა აქვს.
გამოძიების ფარგლებში, მადრიდსა და ალიკანტეში სახლებსა და ოფისებში ხუთი ჩხრეკა ჩატარდა. საქმეზე დააკავეს ერთი პირი, ნარკოტიკების იმპორტიორი კომპანიის პასუხისმგებელ ორ პირზე კი ძებნა გამოცხადდა.