"დემოკრატიაში ცხოვრება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ჩვენი თვალსაზრისი ყოველთვის არ გაიმარჯვებს" | ობამა დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას ეხმაურება

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე დემოკრატი პრეზიდენტი ბარაკ ობამა აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და დონალდ ტრამპს ამერიკის 47-ე პრეზიდენტის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში და არჩევნების დღის განმავლობაში მილიონობით ამერიკელმა მისცა ხმა - არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ყველა დონის ლიდერებს. შედეგები უკვე ცნობილია და ჩვენ გვინდა მივულოცოთ პრეზიდენტ ტრამპსა და სენატორ ვენსს გამარჯვება.

ეს აშკარად არ არის ის შედეგი, რომლის იმედიც გვქონდა, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ღრმა უთანხმოებებს რესპუბლიკელებთან  მთელ რიგ საკითხებზე. მაგრამ დემოკრატიაში ცხოვრება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ჩვენი თვალსაზრისი ყოველთვის არ გაიმარჯვებს და მზად ვართ მივიღოთ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა.

მე და მიშელი არ შეგვიძლია არ ვიამაყოთ ვიცე-პრეზიდენტ ჰარისისა და გუბერნატორი უოლზის - ორი არაჩვეულებრივი საჯარო მოხელით, რომლებმაც აწარმოვეს შესანიშნავი კამპანია. ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიქნებით თანამშრომლებისა და მოხალისეების, რომლებმაც თავიანთი გული და სული დახარჯეს იმ საჯარო მოხელეების არჩევაში, ვისიც ნამდვილად სჯეროდათ.

როგორც კამპანიის მიმდინარეობისას ვთქვი, ამერიკამ ბევრი რამ განიცადა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში - ისტორიული პანდემიისა და პანდემიის შედეგად გამოწვეული ფასების ზრდიდან დაწყებული, სწრაფი ცვლილებებით და იმ განცდით დამთავრებული, რაც ბევრ ადამიანს აქვს, რომ რაც არ უნდა იშრომონ, პროგრესის გარეშე ერთი ადგილის ტკეპნაც კი მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. ამ პირობებმა შექმნა დაბრკოლებები მოქმედი დემოკრატიული ლიდერებისთვის მთელს მსოფლიოში და გუშინდელმა საღამომ აჩვენა, რომ ამისგან არც ამერიკა არის დაზღვეული.

კარგი ამბავი ის არის, რომ ეს პრობლემები მოგვარებადია  - მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთს მოვუსმენთ და თუ დავიცავთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპებს და დემოკრატიულ ნორმებს, რამაც ეს ქვეყანა დიდებულად აქცია.

ჩვენსავით დიდ და მრავალფეროვან ქვეყანაში, ყველა ერთ აზრზე ვერ ვიქნებით. მაგრამ პროგრესი ჩვენგან მოითხოვს კეთილსინდისიერებას და მადლიერებას იმ ადამიანების მიმართაც კი, ვისაც ღრმად არ ვეთანხმებით. ასე მოვედით აქ და ასე გავაგრძელებთ ქვეყნის მშენებლობას, რომელიც იქნება უფრო თანასწორი და თავისუფალი." - აცხადებს ობამა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი