გლდანის ციხის დირექტორზე სრულიად აბსურდული, უსაფუძვლო ბრალდებები ვრცელდება - პენიტენციური

გამოქვეყნდა:

სპეციალური პენიტენციური სამსახური გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორზე გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს და აცხადებს, რომ დაწესებულების მიმართ "უსაფუძვლო და სრულიად აბსურდულმა ბრალდებებმა" მიზანმიმართული კამპანიის სახე მიიღო.

უწყება ერთ-ერთი პატიმრის ცოლისა და ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ციხის დირექტორი მსჯავრდებულს გაუპატიურებით დაემუქრა დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.

ამ მხრივ მიზანმიმართული აქტიურობით გამოირჩევა ადვოკატი კობაიძე, რომელიც არის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული გეგმა და ამ მიზნით არ ერიდება არც ტყუილს, და არც პატიმრებისა და საპატიმროების თემით მანიპულირებას. ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე გუშინვე იქნა მიწვეული კონკრეტული ფაქტების მისაწოდებლად (თუკი მას ასეთი გააჩნია) შესაბამის უფლებამოსილ უწყებაში, თუმცა მან დათქმულ დროს მოუცლელობის მიზეზით, განაცხადა, რომ მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტების მისაწოდებლად გამოცხადდება დღეს საღამოს, - წერია განცხადებაში.

უწყება, ასევე, აცხადებს, რომ  N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ნოდარ ქინქლაძემ გუშინ მიმართა შესაბამის უწყებებს მის მიმართ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მხრიდან ცილისმწამებლურ განცხადებაში მოცემული ფაქტების სასწრაფოდ შესწავლის მოთხოვნით.

პენიტენციური დაწესებულება აცხადებს, რომ  ნოდარ ქინქლაძე N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად უწყვეტად მუშაობს 2013 წლის მაისიდან და მას უკავშირდება გლდანში წინა ხელისუფლების დროს გამეფებული წამების მძიმე შედეგების წარმატებული ლიკვიდაცია და შემდგომ თითოეულ პატიმარზე ზრუნვა მისი კეთილდღეობისათვის.

არ არის გასაკვირი, რომ გარკვეული ძალების მიერ სწორედ ის იქნა შერჩეული დარტყმის ობიექტად.სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პატიმრებითა და მათი ოჯახის წევრებით მანიპულირების მცდელობისაგან და არ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებში, - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გლდანის ციხეში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ მერვე დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარს ხელები დაუსერეს. მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა. ინფორმაციას "სიცრუე" უწოდა და განმარტა, რომ ერთ საკანში მყოფმა სამმა პატიმარმარმა თვითდაზიანებები მეტლახის ნატეხით თავად მიიყენეს. პატიმრის ოჯახის წევრებმა რეაგირებისთვის სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართეს.

პატიმარ შენგელი ჭეჭვაძის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე და მისი ცოლი ხელების გადასერვას ციხის დირექტორის მხრიდან გაუპატიურების მუქარას უკავშირებენ და მინისტრს სთხოვენ საკითხით დაინტერესდეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი