"ქართველები ძალიან კარგი ხალხია, ჩვენ ძალიან გვიყვარხართ" | "მთავარი არხის" ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკისთან

გამოქვეყნდა:

როგორია საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ამ ეტაპზე, რას ეტყოდა ქართველ ხალხს, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია პრემიერ კობახიძესთან, რომელიც ბუდაპეშტში იმყოფება და  ევროპის პოლიტიკურ სამიტზე საერთო ფოტოს გადაღების დროს პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით იდგა - ამ საკითხებზე უკრაინის პრეზიდენტმა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფთან ისაუბრა, მისი ჩაწერა ნინო სამყურაშვილმა და სერგი ბარამიძემ პრესკონფერენციის შემდეგ შეძლეს.

"ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსა და უკრაინას შორის სჭირდება უფრო მეტი, ვიდრე 5 წუთი და მართლაც მრავალი წელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ძლიერი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს ყველაფერი გვქონდა და მომავალშიც გვექნება, ამაში დარწმუნებული ვარ . ჩვენი ხალხი ძალიან მადლიერია ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის ამ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან და ჩვენც ყოველთვის მხარს ვუჭერდით თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავით რუსეთის საქართველოში შეჭრის წინააღმდეგი, დიახ, ამ ომში... ძალიან დასანანია, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს კავშირები საქართველოს მთავრობასთან. მე ვფიქრობ, ეს ძალიან დასანანია."- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძესთან კომუნიკაცია ბუდაპეშტში მიმდინარე ღონისძიებების დროსაც არ ჰქონია.

"კობახიძესთან კომუნიკაცია არ გვქონია. არ მინდა რომ მოგატყუოთ."

უკრაინის ლიდერმა 26 ოქტომბრის არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს გავლენა საქართველოს არჩევნებზე და ქართველმა ხალხმა თვითონ უნდა აირჩიოს ხელისუფლება

"მე ვფიქრობ, ეს არის დიდი პრობლემა... ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი მთავრობა. რუსეთი გავლენას ვერ უნდა ახდენდეს, რუსეთმა ეს ვერ უნდა გააკეთოს. რადგან რუსეთი ვერ აირჩევს მთავრობას თქვენი ქვეყნისთვის."

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებულია რომ პაუზის მიუხედავად საქართველო მოახერხებს ევროკავშირის გზაზე წინსვლას.

"ქართველ ხალხს საუკეთესოს ვუსურვებ, ჩვენ ძალიან გვიყვარხართ. ახლა დიდი პაუზაა ევროკავშირის გზაზე, მაგრამ ეს არის თქვენი არჩევანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ევროპაში იქნებით. ძალიან კარგი  და დიდებული ხალხი ხართ. მე ნამყოფი ვარ საქართველოში, ძალიან თბილი ხალხია და ძალიან ლამაზი ქვეყანაა, საუკეთესოს გისურვებთ." - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი