"რუსეთის ჩარევის მასშტაბები იყო უფრო დიდი...ეს პიროვნება დგას მთელი ამ პროცესის უკან" | ნაუსედა არჩევნებზე და ივანიშვილზე

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით საჭიროა საერთაშორისო გამოძიების ჩატარება. ამის შესახებ მან ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტის მიმდინარეობისას მედიასთან განაცხადა. აღნიშნულ სამიტზე ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერების განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოში განვითარებული პროცესებია.

"მე იმედგაცრუებული ვარ, არა მხოლოდ არჩევნების შედეგით, არამედ ბევრი დარღვევით საარჩევნო პროცესში. არ შეიძლება ევროინტეგრაციაზე საუბრობდე და ამავე დროს აკეთებდე ყველაფერს ამის წინააღმდეგ, მათ შორის იღებდე კანონებს და იყენებდე ანტიდასავლურ რიტორიკას. ამის ლოგიკურად ახსნა შეუძლებელია. ამიტომ, აუცილებელია არჩევნებზე დარღვევების გამოძიება.

მე არ ვენდობი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ძალიან გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, რომ ეგონოს, რომ ისინი ამის გამოძიებას შეძლებენ. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო გამოძიება. ამჯერად რუსეთის ჩარევის მასშტაბები იყო უფრო დიდი, ვიდრე ოდესმე ყოფილა წარსულში. ეს შეშფოთების საგანია. მე ვსაუბრობ არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მოლდოვაზეც, მაგრამ მოლდოვაში არჩევნების შედეგი განსხვავებული იყო. ვფიქრობ.

საკმარისია მკაფიო სიგნალის გაგზავნა, რომ ბიჭებო, თუ თქვენ ამას აკეთებთ, მაშინ შეუძლებელი იქნება ევროკავშირთან დაახლოება. თქვენ საპირისპირო მიმართულებით მიდიხართ და ევროკავშირს შორდებით. მე იმედი მაქვს, რომ ეს სიგნალი სწორად იქნება გაგებული და რომ საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, შეცვალოს თავისი კურსი. თუმცა, ამ კონკრეტულ მომენტში მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს."  - განაცხადა ნაუსედამ.

ლიეტუვის პრეზიდენტმა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო სულ უფრო უახლოვდება რუსეთს.

"ეს პიროვნება, რა თქმა უნდა, დგას მთელი ამ პროცესის უკან და ჩვენ ვიცით, რამდენად ღრმა და ინტენსიურია მისი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ არა მხოლოდ იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირს შორდება, არამედ იმაზეც, რომ სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. არ შეიძლება ამ საკითხში შუალედური პოზიცია გეკავოს. ან დასავლეთისკენ მიდიხარ, ან აღმოსავლეთისკენ." - აღნიშნა ნაუსედამ.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი