ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს და ილონს მასკს ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 6 ნოემბერს უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას ტელეფონი მილიარდერ ილონ მასკს გადასცა. ამის შესახებ New York Times (NYT) საუბრის შესახებ ცნობილ წყაროზე დაყრდნობით წერს.

უცნობია, წამოჭრეს თუ არა ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკრაინის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაში რაიმე ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები. ზელენსკისთან საუბრისას პოლიტიკოსი და მილიარდერი ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლეგოს მამულში ერთად იმყოფებოდნენ. წყაროს ცნობით, საუბარი პოზიტიური იყო.

კიდევ ერთი წყაროს თქმით, ზელენსკიმ თავად დაურეკა ტრამპს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიელოცა. როდესაც ტრამპმა ტელეფონი მასკს გადასცა, ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა უკრაინის სატელიტური ინტერნეტით დახმარებისთვის.

ტრამპის ოფისს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი სატელეფონო ზარზე.

ილონ მასკმა, რომელიც ბოლო თვეებში დაუახლოვდა ტრამპს და ფინანსური და ლოგისტიკური დახმარება გაუწია მის საარჩევნო კამპანიას,  უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინელ სამხედროებს შესაძლებლობა მისცა გამოიყენონ Starlink სატელიტური საკომუნიკაციო ქსელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი