"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ, მსვლელობის დროს სუსის შენობასთან განცხადება გააკეთა და სუს-ის თანამშრომლებს მიმართა.
"გამარჯვება ახლოსაა, ჩვენ დავიბრუნებთ სამშობლოს. არჩევნები ჩაატარა სუს-მა, არჩევნები ჩატარდა აქ, ამ შენობაში. ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს გარდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა, გარდა ჩვენი ინტერესების დაცვისა. გავაგონოთ ჩვენი ხმა და ვუთხრათ, რომ ჩვენ არ ვართ სუს-ის ქვეყანა, რომ ჩვენ არ გავისუსებით!
არჩევნები ჩვენია, საქართველო ჩვენია, ჩვენ არ დაგითმობთ სამშობლოს. ხალხი მიუძღვის ამ პროცესებს, ჩვენ ხალხის ნაწილი ვართ. როგორც ხალხი ვეუბნებით ამ შენობას, ნუ გადაიქცევით ბოროტების სასახლედ. უფრო სწორად უკვე ხართ ბოროტების სასახლე, როგორც საბჭოთა კაგებე. დაგვიბრუნეთ სამშობლო, დაგვიბრუნეთ მოპარული არჩევნები ეს ქვეყანა ჩვენია. ჩვენ მივდივართ ევროპაში. ნუ იქნებით ბიძინა ივანიშვილის მსახურები. ქვეყნის მსახურები უნდა იყოთ, პატრიოტები ამ ქვეყნის, რუსებს ნუ დაუთმობთ საქართველოს, დაგვიბრუნეთ სამშობლო, დაგვიბრუნეთ არჩევნები.
საქართველო ჩვენია, წართმეულის დაბრუნება მოგიწევთ და გახსენებთ, ემსახურეთ საქართველოს, დაანებეთ თავი ივანიშვილს! ის წავა და თქვენ დარჩებით, თვალებში უნდა ჩახედოთ შვილებს, ცოლებს, ქმრებს, მეზობლებს, მეგობრებს, თანამოქალაქეებს! დაგვიბრუნეთ წართმეული, დაგვიბრუნეთ სამშობლო," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.