საჯარო სიშიშვლე, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა | თავისუფლებისთვის მებრძოლი ქალები ირანში

გამოქვეყნდა:

ირანელი სტუდენტი გოგო, რომელიც თეირანის უნივერსიტეტის ეზოში საცვლებით თამამად მოაბიჯებს - აჰუ დერიაია, თეირნაის მეცნიერებისა და კვლევის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც  ირანში მჩაგვრელი რეჟიმის წინაშე პროტესტის ნიშნად გაშიშვლდა. ვიდეო, სადაც ირანელი გოგო ტანსაცმლის გარეშე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილდება, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და მსოფლიოს ყველა კუთხეში განხილვის საგნად იქცა. ქვეყანაში სადაც ქალებს ჰიჯაბის არასწორად ტარების გამოც სასტიკად უსწორდებიან, 30 წლის აჰუ დარიაიმ გაბედა და პროტესტის უკიდურეს ფორმას - საჯარო სიშიშვლეს მიმართა.

 ვიდეო, სავარაუდოდ, უნივერსიტეტის კამპუსის გვერდით  მდებარე შენობიდანაა გადაღებული. ადგილზე მყოფი სტუდენტების თქმით აჰუ დერიაიმ პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც " მორალის პოლიციამ" მას ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ვიდეოჩანაწერის ბოლოს ჩანს, როგორ აკავებენ გაშიშვლებულ გოგოს დაუდგენელი სამსახურის თანამშრომლები.

ქალების მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ  მებრძოლო ქალის შესახებ ახალი ინფორმაცია აღარ გავრცელებულა. ბოლო ცნობებით ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. აჰუ დერიაიას უშიშარ საქციელს ირანის ხელისუფლებაში განსხვავებული ახსნა მოუძებნეს - მათ სტუდენტი "პრობლემურ ინდივიდად" შერაცხეს. ირონიული იყო თავისუფლების სიმბოლოდ ქცეულ  სტუდენტზე მთავრობის ერთადერთი ქალი წარმომადგენლის განცხადებაც: 

„ამ საკითხს უსაფრთხოების პერსპექტივიდან დანახვის ნაცვლად, სოციალური თვალსაზრისით ვუყურებთ და ვცდილობთ ამ სტუდენტის, როგორც პრობლემური ინდივიდის, პრობლემები მოვაგვაროთ. ამ სტუდენტის უნივერსიტეტში დაბრუნებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მას მკურნალობა ესაჭიროება, რომელიც შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე უნდა დასრულდეს“

თეირანის უნივერსიტეტში ქალის ძალადობრივი დაკავება საერთაშორისო საზოგადოების და მედიის ყურადღების ობიექტი გახდა.  განცხადებები თავისუფლებისთვის მებრძოლ აჰუ დერიაიზე არ წყდება. მთავარი მოთხოვნა  სტუდენტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაა. ადამიანის უფლებათა დამცველები ვარაუდობენ, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ქალის უფლებები დაცული არ იქნება. ახლა უცნობია როგორია დაკავებული სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

30 წლის აჰუ დერიაია 2 ნოემბერს  ათასობის ირანელი ქალის მაგივრად ალაპარაკდა. დერიაიას საქციელი ხმამაღალი განაცხადი იყო რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც ირანელ ქალებს თავისუფლება წაართვა. სწორედ ამიტომ სოლიდარობის ნიშნად სოციალურ ქსელში გაჩნდა ათობით პოსტერი  და ილუსტრაცია, თუმცა ყველა ერთი შინაარსით - ირანელი გოგოს სიმამაცეს, ღირსებას, დამოუკიდებლობას და საკუთარი უფლებების სიყვარულს ასახავს.

 აჰუ დერიაიას პროტესტი იმ პროცესის ნაწილია, რომელიც 2022 წელს 22 წლის სტუდენტის  მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. მაჰსა ამინი, ისევე როგორც აჰუ დარიაი ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო დააპატიმრეს. მოგვიანებით სტუდენტი ტყვეობაში გარდაიცალა. მის სიკვდილს ირანში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ანტისახელმწიფოებრივი პროტესტი მოყვა. პროტესტანტები ახალგაზრდა სტუდენტის სოლიდარობის ნიშნად საჯაროდ წვავდნენ ჰიჯაბებს და იჭრიდნენ თმებს. გამოსვლებისას დაიღუპა 500 -მდე ადამიანი. ეს იყო ირანის ხელისუფლების მცდელობა ჩაეხშო საზოგადოების პროტესტი, თუმცა ხალხი უკან სიკვდილის ფასადაც არ იხევდა, რასაც 1 კვირის წინ მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს. 

ირანში დატრიალებული ეს ტრაგედიაც კარგად აჩვენებს,როგორ უდგება ხელისუფლება საკუთარ ხალხს.თუმცა ცხადია რომ საზოგადოება პროტესტის გამოხატვის შეწყვეტას არ აპირებს.  საქართველოს მთავრობის მთავარი მოკავშირე კი დღეს სწორედ ეს ქვეყანაა. ქვეყანა, სადაც ქალებს უფლებებს ართმევენ და თავისუფლებას უზღუდავენ. ქართული ოცნება ევროკავშირის ქვეყნებთან დაახლოების ნაცვლად, ირანის ხელისუფლებას უმეგობრდება. ირანი ახლა იმ მცირედი ქვეყნების ჩამონათვალშია ვინც ივანიშვილის ოცნებას არჩევნებში "გამარჯვება" მიულოცა. 

ავტორი: მაგდა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი