11 ნოემბერს, ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.
პრეზიდენტის შემდეგ ევროკავშირის დელეგაცია პროევროპულ ოპოზიციურ გაერთიანებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება.
გაყალბებული არჩევნები და მიტაცებული ხელისუფლება - ევროპელი მაღალჩინოსნები ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან სწორედ ამ საკითხებზე იმსჯელებენ.
8 ევროპული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლების დელეგაციას "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრა სურდა, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ. ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მარკო მიკელსონმა განაცხადა.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრას არ აპირებენ. შეხვედრები არც მთავრობის ადმინისტრაციასთან და არც საპარლამენტო უმრავლესობასთან არ არის ჩანიშნული. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 11-13 ნოემბერს გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაში (COP29) იღებს მონაწილეობას, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმართება. კონფერენციას აზერბაიჯანის მიწვევით თალიბანიც დაესწრება.