ევროკავშირის დელეგაციის შეხვედრა მედია ორგანიზაციებთან დასრულდა. სამი კრიტიკული არხის: "მთავარი არხის", ფორმულასა" და "TV პირველის" წარმომადგენლებმა ევროპელ მაღალჩინოსნებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მედიაგარემოს მდგომარეობისა და მედიის უფლებების დარღვევის შესახებ. მათ შორის, უშუალოდ კენჭისყრის დღეს, რა ხდებოდა საარჩევნო უბნებთან და როგორ ცდილობდნენ იქ მობილიზებული ე.წ. ძველი ბიჭები მედიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლას ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას.
საუბარი ასევე შეეხო დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ გამოძიებებს, რომელიც საარჩევნო დარღვევებსა და გაყალბებებს ამხელს.
"აინტერესებდათ მედიის ხედვა, ზოგადად რა სიტუაციაა საქართველოში, მედიას რა მდგომარეობა აქვს. ასევე ჩვენს გვაინტერესებდა, როგორია ევროპის ხედვა და როგორ აღიქვამენ ისინი ამ პროცესებს. მათ ამის ახსნა არ სჭირდებოდათ, ისედაც იცოდნენ რუსული კანონის შესახებ ყველაფერი და ამის გარდა სხვა პრობლემებზეც ვისაუბრეთ, ეს არის ჟურნალისტების უსაფრთხოება, ფინანსური პრობლემები და ა.შ." - განაცხადა "მთავარი არხის" იურისტმა თამთა მურადაშვილმა.