დონეცკის სახელმწიფო ადმინისტრაციამ დაადასტურა ინფორმაცია კურახოვოს წყალსაცავის კაშხლის დაზიანების შესახებ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი აცხადებს, რომ ეს რუსული იერიშის შედეგია.
"ეს დარტყმა პოტენციურ საფრთხეს უქმნის მდინარე ვოლჩიას გასწვრივ მდებარე დასახლებებს – როგორც დონეცკის, ასევე დნეპროპეტროვსკის რეგიონებში. 16:00 საათის მდგომარეობით დადგენილია, რომ მდინარის დონე დიდ ნოვოსელოვკის თემის ფარგლებში 1.2 მეტრითაა მომატებული", – წერს ფილაშკინი.
დამბის დაზიანებასა და მდინარე ვოლჩიაში წყლის დონის მატების შესახებ ინფორმაცია კურახოვოს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რომან პადუნმაც დაადასტურა.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ წყალი მიედინება სოფლებში, რომლებიც თერნოვის დამბის გვერდითაა განლაგებული. დამბის დაზიანების ხასიათსა და სიმძიმეს ვერ ვადასტურებთ. დამბის დათვალიერებას ვერ ვახდენთ მუდმივი სროლის გამო", – განაცხადა მან.
უკრაინულ სოციალურ ქსელებში წერენ, რომ დამბა რუსებმა კურახოვოში განლაგებული უკრაინელი სამხედროებისა და ჩრდილოეთით მდებარე ჯარების მომარაგების გზების დასატბორად დაანგრიეს.