ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოხუმის აეროპორტში პირველი ტექნიკური რეისები განხორციელდა - განაცხადა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ.
ტექნიკური ფრენების დაწყება მიმდინარე წლის ივლისში იგეგმებოდა. ბჟანიას თქმით, ინვესტორმა საკუთარი ხარჯებით შეძლო ობიექტის უწყვეტი ელექტრომომარაგება.
2023 წლის შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღდგენას შპს ინფრასტრუქტურის დეველოპმენტი განახორციელებს, რომელიც რუსეთის შს ყოფილი მინისტრის, რაშიდ ნურგალიევის ვაჟის კომპანიაა.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან ის აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და მის შესახებ ინფორმაცია ამოიღო.