"ქართული ოცნების" მიერ მიღებული ჰომოფობიური და დისკრიმინაციული საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმმა "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონი უწოდა, ძალაში 1-ელი დეკემბრიდან შედის.
სამოქალაქო სექტორის შეფასებით, გარდა იმისა, რომ ცვლილებები ცალსახად აუარესებს ლგბტქია+ ადამიანების უფლებებს, ის ასევე ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასაც. დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის, ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.
საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც მათ საქმიანობას დაემუქრება.
"მთელი ცხოვრება რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ იმიტომ, რომ ახალგაზრდებს მოვუყვე ამბები თავისუფლებაზე, ჩარჩოების რღვევაზე, როგორ გადიან რთულ პროცესს ავტორები და ამ მაგალითებზე იზრდებიან. ისინი მთხოვენ უარყოფით დამოკიდებულებას იმის მიმართ, რაც ჩემი ვნებაა, რასაც წლები დავუთმე, რომ ჩემი სილაბუსი დამეხვეწა და მომეყოლა ის ამბები, რომელმაც შეცვალა სამყარო. ამის გამო მე შეიძლება გამომაცხადონ კრიმინალად.
მათ ეშინიათ ახალგაზრდების და სეგმენტურად ირჩევენ იმ ჯგუფს, რომელიც მათთვის ყველაზე საშიშია. ჩვენც საშიში ვართ, რომლებსაც ამ ახალგაზრდებთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს." - აცხადებს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან შავგულიძე.
თსუ-ს პროფესორი სოფიო შამანიდი კანონმდებლობას ზეწოლის ინსტრუმენტად აფასებს.
"ეს ჩანაწერი კანონში მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ ჰქონდეთ ინსტრუმენტი იმ პროფესორ-მასწავლებლებზე ზეწოლისა, რომლებიც არ არიან ლოიალური მათ მიმართ. არც იციან ალბათ სილაბუსი რა არის, მე რომ ამათ დავუჯერო და დავიწყო ავტორების ამოღება, გამინახევრდება სილაბუსი. ჩახოხბილი ქათმის გარეშე რომ გააკეთო, დაახლოებით იმავეს მთავაზობენ. მე ამას ვერ გავაკეთებ ცხადია. გავაგრძელებ ისე როგორც აქამდე ვმუშაობდი, ალბათ რომელიმე ავტორის შემდეგ უნდა ვთქვა, რომ აი ეს კარგი ლექსია, მაგრამ ეს ავტორი რომ ყოფილიყო ჰეტერო, მისი შემოქმედება ბევრად უფრო კარგი იქნებოდა. ამით უნდა დავასრულო ალბათ ლექცია, რაც სასაცილოა. ამათ ჰგონიათ, რომ ალბათ ლიტერატურას უნდა ქმნიდნენ თეთრი ჰეტერო კაცები." - განაცხადა სოფიო შამანიდმა.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი