ცესკოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის დავით კირთაძის თქმით, ქმედება რომელიც მან დღეს ცესკოს სხდომაზე ჩაიდინა, იყო პროტესტი არჩევნების გაყალბების მიმართ და სოლიდარობის გამოხატვა იმ ხალხისადმი, ვინც არჩევნების მოპარვას აპროტესტებს.
როგორც კირთაძემ ტვ პირველთან განაცხადა, მან გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა იმ შავი ლაქის გამოსახატავად, რომელიც ცესკოს თავმჯდომარემ ქვეყანას დაამჩნია არჩევნების არასამართლიანად და არადემოკრატიულად ჩატარებით.
"ყველაფრისთვის მზად ვარ. ცესკოს თავმჯდომარემ ვერც ამომრჩევლის, ვერც სტუდენტების ხმა ვერ გაიგო, ეს პროტესტი იყო იმ ხალხის სოლიდარობის, რომლებიც მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ.
ეს იყო ჩვეულებრივი შავი საღებავი, მან ერთხელ თქვა, რომ ბიულეტენმა გაჟონაო და დღეს ცესკოს თავმჯდომარემ გაჟონა და დარჩა ის შავი ლაქა, რომელიც მან ქვეყანას დაამჩნია იმ არჩევნებით, რომელიც ჩატარდა. - განაცხადა დავით კირთაძემ. დავით კირთაძის თქმით, ცესკოს წევრებს მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.