ასლან ბჟანიამ ე.წ. მინისტრთა კაბინეტის სხდომა გამართა. მისი "პრესსამსახურის" ცნობით, განიხილეს 15 ნოემბრის მოვლენებით გამოწვეული სიტუაციის სტაბილიზაციის გზები.
ტელეგრამ არხების ცნობით, სხდომა ბჟანიამ სოხუმიდან 40 კილომეტრში მდებარე სოფელ ტამიშის სკოლაში გამართა და განაცხადა, რომ „მთელ ქვეყანას კანონიერი ხელისუფლება აკონტროლებს, გარდა იმ შენობების კომპლექსისა, რომელიც მათ (ოპოზიციამ) დაიკავა“.
„სიტუაცია დასტაბილურდება, ყველაფერს სამართლებრივ კალაპოტში დავაბრუნებთ. მიუხედავად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა, მე და თქვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ გადავდივართ მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე. დაემორჩილეთ პრეზიდენტის ბრძანებებს“, - დასძინა ბჟანიამ.
ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხმა ე.წ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციული შენობები ოპოზიციურად განწყობილი მომიტინგეებს აქვთ დაკავებული, რომლებიც იქ გუშინ ე.წ პარლამენტის სხდომის ჩაშლის შემდეგ შეიჭრნენ. პროტესტის მონაწილეები ე.წ პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას მოითხოვენ.