სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ სომხეთის ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამდებობას დატოვებს.
"პრესაში და სოციალურ ქსელებში გაჩენილი მასიური დისკუსიების გათვალისწინებით, საჭიროდ მიმაჩნია გაცნობოთ, რომ არაერთ მაღალჩინოსანს თანამდებობების დატოვება ვთხოვე. ასეთი მოთხოვნის მიზეზები არ არის პირადი, არამედ სისტემური, რაზეც საჯაროდ ვისაუბრე," - წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
მან კონკრეტული სახელები არ დაასახელა და განაცხადა, რომ ვერ უარყოფს ამ კოლეგების დამსახურებას სომხური სახელმწიფოებრიობის განვითარებაში და მადლობა გადაუხადა ყველას ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მისი თხოვნის მიღებისთვის.
მედიის ცნობით, თანამდებობებს ტოვებენ შსს-ს ხელმძღვანელი ვაჰე ღაზარიანი, ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე რუსტამ ბადასიანი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი არგიშტი ქირამიანი, ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელი სასუნ ხაჩატრიანი.
ორშაბათს დილით სასუნ ხაჩატრიანისა და ვაჰ ღაზარიანის გადადგომა უკვე დადასტურდა. სააგენტო Novosti-Armenia-ს ცნობით, გადადგომის შესახებ განცხადება უზენაესი სასამართლო საბჭოს თავმჯდომარემ კარენ ანდრეასიანმაც გააკეთა.