ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის 4 დეპუტატმა ე.წ პრეზიდენტთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ე.წ ხელისუფლება და ოპოზიცია დელეგაციებს შექმნიან და მოლაპარაკებებს დღეს არაუგვიანეს 18:00 საათამდე დაიწყებენ.
დეპუტატებთან შეხვედრამდე კი ასლან ბჟანიამ ე.წ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და მითითებები მისცა რესპუბლიკაში უკანონო ქმედებების აღკვეთის მიზნით.
აფხაზურ ტელეგრამარხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ე.წ ოპოზიცია ასლან ბჟანიას კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმებას სთავაზობს, რაც გულისხმობს ე.წ ვიცე-პრეზიდენტ ბადრი გუნბას მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნას, შემდგომში მინისტრთა კაბინეტისა და ძალოვანი სტრუქტურების დაშლას, ასევე საკოორდინაციო საბჭოს მიერ პრემიერ-მინისტრის არჩევას.
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია იტყობინება, რომ ბოლო პერიოდში დაახლოებით 20%-ით გაიზარდა აფხაზეთის მიმართულებით ტურების გაუქმება. ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ზოგიერთი ტურისტი უარს ამბობს ქვეყანაში გამგზავრებაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. ტუროპერატორები აჩერებენ ან უკვე შეწყვიტეს ახალი ტურების გაყიდვა აფხაზეთში.