პრეზიდენტი საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორებს და პოლიტიკურ ლიდერებს არსებული კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს. გეგმა ასეთია:
1. ახალი არჩევნები - ახალი არჩევნები საერთაშორისო გამოძიებით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ გამოირკვეს სისტემური ხარვეზები, რაც არსებობდა და გამოსასწორებელია. ასევე, ახალი ცესკოს დაკომპლექტება და საარჩევნო კოდექსის ცვლილება, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებით, საარჩევნო დავების სპეცსასამართლოს შექმნა.
2. 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება – ვინაიდან არ შედგა არჩევნები, არ შეიძლება შედგეს არაფერი ახალი – არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები, ანუ ვაგრძელებთ არსებულით, გარდამავალი პერიოდის სტაბილურობისთვის. უკვე ვმუშაობ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაზე.
პრეზიდენტმა დღეს, 26 ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ შეაჯამა:
“მოვისმინეთ არჩევნების შემაჯამებელი ოქმები, მაგრამ ახლა მინდა, წარმოგიდგინოთ არჩევნების შედეგების ჩემივე შეჯამება, როგორც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და როგორც დარჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რაზეც, ალბათ, ცესკოს ვერ ექნება ვერანაირი პრეტენზია.
ჩემი შემაჯამებელი შეფასება ამ შედეგების არის შემდეგი - პირველ რიგში, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ყველა სამართლის პრინციპებითა და სტანდარტებით, რაც არა ერთ კონვენციაში არის ასახული, გარანტირებული მთავარი უფლებები. ერთი არის ხმის მიცემის ფარულობა და მეორე - ხმის მიცემის საყოველთაობა, რომლითაც ემიგრანტების ხმის მიცემის უფლებები იქნა უგულებელყოფილი. ამასთან ერთად, ყველამ ვიცით და ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ და სისტემურ გაყალბების სქემებს, რომლებიც მოიცავდნენ წინასაარჩევნო, არჩევნების დღის პერიოდს. დაირღვა ასევე არჩევნებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლება - საარჩევნო საჩივრები დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლოს მიერ იყოს განხილული.
ამავე დროს, არჩევნებს არ აღიარებს თავად პრეზიდენტი, არცერთი ოპოზიციური პარტია და, მაშასადამე, არცერთი არ ცნობს ამგვარად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას, არ აღიარებს ამ არჩევნებს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და აგრძელებს თავის სამართლიან პროტესტს.
არ აღიარებს ამ არჩევნებს სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციები, შიგნით და გარეთ თავს იკავებენ, რომ ამ არჩევნებს სამართლიანი და თავისუფალი უწოდონ და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გავიდა უკვე მესამე კვირა და არცერთ ჩვენს მთავარ დემოკრატიულ პარტნიორს არ აქვს აღიარებული ეს არჩევნები და ხაზს უსვამენ დარღვევებს და სხვადასხვა ზეწოლის ზომებს განიხილავენ”, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.