"ომის მე-1000 დღეს, რუსეთში გაგზავნილი ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების რაოდენობა შეიძლება 100000-მდე გაიზარდოს" | ზელენსკიმ ევროპარლამენტს მიმართა

გამოქვეყნდა:

"უკრაინაში რუსეთის შეჭრის მე-1000 დღეს, რუსეთში გაგზავნილი ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების რაოდენობა შეიძლება 100000-მდე გაიზარდოს", - ამის შესახებ ევროპარლამენტის სპეციალურ პლენარულ სესიაზე, ვიდეო მიმართვისას, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„უკრაინამ, ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ შეუშალეს ხელი პუტინის მიერ უკრაინის ოკუპაციას, არამედ მიაღწიეს წარმატებას ევროპის ქვეყნების დაცვაში“, - თქვა ზელენსკიმ და მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინი ომს არ შეწყვეტს, ის გამარჯვებაზეა ორიენტირებული და დროთა განმავლობაში სიტუაცია უარესდება.

"რუსეთის მხრიდან თითოეულ დარტყმას და თითოეულ საფრთხეს მკაცრი სანქციები უნდა მოჰყვეს. უკვე ათასი დღეა, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადიკალურად შემცირდეს ომის წარმოების კუთხით რუსეთის შესაძლებლობები ნავთობის გაყიდვის ხარჯზე. ნავთობი – პუტინის რეჟიმისთვის სიცოცხლის ძალაა. ტანკერების ჩრდილოვანი ფლოტი კი არის ის, რაც მის სიცოცხლისუნარიანობას ახანგრძლივებს. ვიდრე ეს ტანკერები მუშაობენ, პუტინი განაგრძობს მკვლელობებს. მინდა, მოგიწოდოთ, არ დაგავიწყდეთ, რაზეა საუბარი და რა დგას სასწორზე. ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ რუსეთი, წავიდეს სამართლიან, რეალურ მშვიდობაზე. ვაგრძელებთ მშვიდობის ფორმულას და მადლობა თითოეულ პარტნიორს ევროპაში, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ფორმულას. უნდა ვუბიძგოთ რუსეთს სამართლიანობისკენ. პუტინი არ აფასებს ადამიანებს და წესებს, ის აფასებს მხოლოდ ფულს და იარაღს. ეს არის ის, რაც უნდა წავართვათ მას", - გააცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე მიმართა უკრაინის პარლამენტს, მოუწოდა ხალხს გაერთიანებისკენ და თქვა, რომ 2025 წელი გადაწყვეტს იმას, თუ ვინ მოიგებს ომს.

ასევე იხილეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი