გუშინ, 25 სექტემბერს ლარი დოლართან 4,35 თეთრით, ევროსთან კი 5,2 თეთრით გაუფასურდა. ეკონომისტები ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის ყოველდღიური გაუფასურების პირობებში, აუცილებლად მოიმატებს ფასები პროდუქტებსა და მედიკამენტებზე.
მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება წინასაარჩევნო აქტივი. პოლიტიკური ნიშნით დახარჯული მილიონები არის დამატებითი წნეხი, რაც იწვევს ლარის გაუფასურებას. ეს კი აძვირებს მედიკამენტს, საკვებ პროდუქტებსა და, საბოლოოდ, ყველაფერს, - თქვა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ ახლა სოციალური დახმარება საქართველოს თითქმის 1-მილიონ მოქალაქეს ესაჭიროება, ეს რიცხვი, გაუფასურების პირობებში, შეიძლება გაორმაგდეს.
შემოსავალმა ისედაც დაიკლო და გაზრდილი ფასების პირობებში მოუწევთ ნაკლები შემოსავლით ბევრად მეტის გადახდა. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში სიღარიბე მნიშვნელოვნად გაიზრდება. მოსახლეობა დგება არჩევანის წინაშე, რომელი შეიძინოს - საკვები თუ მედიკამენტი, - ამბობს "ლელოს" წევრი, ვატო სურგულაძე.
შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარების მიზნით 40 მილიონი დოლარი გაყიდა. გარდა ამისა, შექმნილ ვითარებაზე განცხადება გაავრცელა სებ-ის პრეზიდენტმა. კობა გვენეტაძე ვარაუდობს, რომ პანდემიისა და არჩევნების შემდეგ, ლარის კურსი "წონასწორულ ნიშნულს" დაუბრუნდება.