თსუ-ის სტუდენტების თქმით, ჯაბა სამუშიას მხოლოდ საჯარო სივრცეში, მედიების თანდასწრებით შეხვდებიან

გამოქვეყნდა:

სტუდენტთა ნაწილის თქმით, ჯაბა სამუშიას იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ შეხვედრა იქნება საჯარო და მასზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ კრიტიკულ მედიებს. ამასთან, თუ ყველა სტუდენტს ექნება რექტორისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ვეხმაურებით ჯაბა სამუშიას შემოთავაზებას თსუ-ის სტუდენტებთან შეხვედრის თაობაზე.

ჯაბა სამუშიას სრული პასუხისმგებლობა ეკისრება: სტუდენტებისათვის უნივერსიტეტის კარის ჩაკეტვაზე; ისტორიულ კორპუსში საპოლიციო ძალების განლაგებასა და მათთვის კომფორტის შექმნაზე; უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებზე ძალადობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ მისი პასუხისმგებლობა დადგეს არა მხოლოდ აკადემიური საბჭოს, არამედ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშეც. უნივერსიტეტის რექტორმა პირველ რიგში უნივერსიტეტის სტუდენტების კითხვებს უნდა უპასუხოს.

რექტორთან შეხვედრას ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს აზრი, თუ ის საჯარო სივრცეში, კრიტიკული მედიების თანდასწრებით გაიმართება და რექტორისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს შეეძლება", - ნათქვამია განცხადებაში. 

იქამდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ მათ შეხვედრა შესთავაზა.

შეგახსენებთ, სტუდენტების ნაწილი რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვს. აქციის მონაწილე ახალგაზრდებმა გასულ ღამეს ერთ- ერთი აუდიტორია დაიკავეს და შენობაში დარჩენას იქამდე აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

რექტორის გადადგომა კი ახალგაზრდებმა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც გავრცელდა კადრები, რომ 19 ნოემბრის გამთენიისას, საპროტესტო აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილი თსუ-ის ეზოში შევიდა. სტუდენტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია მათთვის კორპუსის ჩაკეტვა და სპეცრაზმისთვის მისი გახსნა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი