თბილისში მეტროს ახალი ვაგონები შემოვა, ოღონდ 2025 წელს - ეს ამბავი ცნობილი მთავრობის ბოლო სხდომაზე გახდა. დედაქალაქის მერია აპირებს, შეიძინოს 97 ვაგონი, რომელშიც სავარაუდოდ 606 მილიონ ლარს გადაიხდის. შესაბამისად, ერთი ვაგონის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ ლარს აჭარბებს.
ტენდერი ახალი ვაგონების შესაძენად 15 ნოემბერს გამოცხადდა, განაცხადების შეტანა კი 15 იანვრიდან დაიწყება. შესყიდვების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პირობები ეკონომისტებს აფიქრებინებს, რომ ტენდერი კონკურენციას არაკეთილსინდისიერად ზღუდავს და სასურველ კომპანიაზე წინასწარ არის მორგებული.
პროექტის თანახმად, თბილისის მერია 13 4-ვაგონიან და ცხრა 5-ვაგონიან მატარებელს შეიძენს. თანადამფინანსებელი კი „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკია“, რომლისგანაც ქვეყანა 125 მილიონი ევროს სესხს აიღებს. ეკონომისტების აზრით, სატენდერო პირობებს ხარისხიანი ვაგონების შეძენასთან საერთო არაფერი აქვს.
კორუფციის მკვლევრები ფიქრობენ, რომ არაფერია სანდო, რაც კახა კალაძეს უკავშირდება. ამ აზრს კიდევ უფრო ამყარებს ფაქტი, რომ გასულ წელს კალაძემ ვაგონების შესყიდვაზე ხელშეკრულება სანქცირებულ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ გააფორმა, ფაქტის გასაჯაროების შემდეგ კი თავისივე დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა. წელსაც 600-მილიონ ტენდერში არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ მალე თბილისელები მორიგ ჯერზე იმედგაცრუებულები არ დარჩებიან.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე