საქართველოში ევროკავშირის სპეციალური მისია ჩამოვა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს შეისწავლის. ევროკომისიის სპიკერის, პიტერ სტანოს განმარტებით ჯგუფი თბილისში რამდენიმე კვირაში ჩამოვა. სხვა დეტალები მისიის შესახებ ჯერ უცნობია. არჩევნების საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სამიტის დაწყებამდე ისაუბრა.
ევროკავშირის ინიციატივაზე ქართული ოცნების რეაქცია უარყოფითია. როგორც მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯერ გასარკვევია თავად ამ მისიის არსი, შემდეგ კი თუ ამის საჭიროება იქნება ტექნიკურ მისიასთან შესაბამისი ტექნიკური სტაფის წარმომადგენლები ითანამშრომლებენ. მამუკა მდინარაძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებს და ამბობს რომ ამ საკითხით დაინტერესებას არც აპირებენ.
"როგორც ბრძანებთ, ეროვნული თავმოყვარეობის გამორიცხვით, რომ ვიღაცა უნდა ჩამოვიდეს გარედან და რაღაცა გამოგიძიოს შენ ქვეყანაში, თავმოყვარეობის ამბავია... ტექნიკური მისიის სამართლებრივი ფორმა მითხარით, რაღაც ხომ უნდა არსებობდეს... განცხადებით არც დავინტერესდებით, საერთაშორისო გამოძიება ვინ უნდა ჩაატაროს, რა ფორმატით უნდა ჩაატაროს შეურაცხმყოფელი არაა თქვენთვის? არც დავინტერესდებით, ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ შეურაცხმყოფელ თემაში შესვლით საქართველოს ხელისუფლება არასდროს დაინტერესდება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.