ევროპარლამენტი რეზოლუციის მისაღებად ემზადება | ივანიშვილის გარდა, პროექტში გაჩნდა კობახიძისა და კალაძის დასანქცირების მოთხოვნაც

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტი საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მისაღებად ემზადება.  ამ დროისთვის ევროპის საკანონმდებლო ორგანოში რეზოლუციის რამდენიმე წინასწარი ტექსტია დარეგისტრირებული. მათ შორის საუბარია საქართველოში ტექნიკური მისიის გამოგზავნაზე, ასევე საუბარია ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე. აღსანიშნავია, რომ სანქციების მოთხოვნებში ოლიგარქის გვერდით გაჩნდა ქართული ოცნების სხვა ლიდერების სახელები და გვარები - კახი კალაძე და ირაკლი კობახიძე. 

პოლიტიკური ჯგუფ „განაახლე ევროპას“ (Renew) რეზოლუციის პროექტი:

"მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ სანქციები საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებსა და ოფიციალურ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყნის დემოკრატიულ უკანდახევაზე და საარჩევნო პროცესის დარღვევაზე; ამ კონტექსტში მოვუწოდებთ საბჭოს, განიხილოს ბიძინა ივანიშვილზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და თბილისის მერსა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძეზე პერსონალური სანქციების დაწესება, მათი როლისთვის დემოკრატიის მნიშვნელოვან გაუარესებაში.

ვგმობთ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში, როგორც ევროკავშირის საერთო საგარეო პოლიტიკის შელახვის კიდევ ერთ მცდელობას...

მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ ძალებს და სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაერთონ ინკლუზიურ დიალოგში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და განაგრძონ ახალი არჩევნების ორგანიზება საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ;"

"მწვანეების" რეზოლუცია:

"მივესალმებით უმაღლეს წარმომადგენელ ბორელის წინადადებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ტექნიკურმა მისიამ გამოიძიოს ცნობები საქართველოში საარჩევნო გაყალბებისა და დარღვევების შესახებ; ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, გააგზავნოს ეს მისია რაც შეიძლება მალე, რათა მისი დასკვნები გამოყენებულ იქნას წევრი სახელმწიფოების მიერ გადაწყვეტილების მიღებას; მოვუწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ ამ ტექნიკურ მისიას, საქართველოს ხელისუფლებასა და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარეს;

ვგმობთ პარტია „ქართული ოცნების“ დადასტურებულ განზრახვას, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ისინი „კრიმინალურ პოლიტიკურ ძალად“ მოიხსენიებენ, თუ ისინი არ აიღებენ მანდატს; ხაზს ვუსვამთ, რომ ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიმართულებით დააშორებს საქართველოს ევროკავშირთან და შეუძლებელს გახდის ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ;"

ამ დროისათვის რეზოლუციის პროექტის ტექსტს ათანხმებენ "ევროპის სახალხო პარტიისა" [EPP] და "სოციალ-დემოკრატების" წევრები. მომავალ კვირას, პოლიტიკური ჯგუფების მიერ მომზადებული ტექსტებიდან ერთი შეჯერდება და კენჭი ეყრება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი