დღე, როდესაც სახელმწიფოს შენება დაიწყო - 2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციიდან 21 წელი გავიდა. 

რა მოხდა 2003 წლის ნოემბერში, მივყვეთ ქრონოლოგიურად: 

2 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რაც ქვეყნის მეორე პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ და მაშინდელმა სახელისუფლებო პარტიამ, "მოქალაქეთა კავშირმა" ტოტალურად გააყალბა, სახელისუფლებო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" კი, სადაც "მოქალაქეთა კავშირი" და "აღორძინება" შედიოდნენ, გამარჯვებულად გამოცხადდა. 

იმავე საღამოს, ეგზიტპოლების შედეგებზე დაყრდნობით, გამარჯვება აღნიშნა "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ". ხმები პარალელურად დაითვალა არასამთავრობო ორგანიზაციამ, "სამართლიანი არჩევნები". შედეგებით ჩანდა, რომ 7%-იანი ბარიერი ამ საარჩევნო სუბიექტმა გადალახეს:

  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 20,8%
  • სახელისუფლებო ბლოკი - "ახალი საქართველოსთვის" - 12,9%
  • "ლეიბორისტული პარტია" - 12,8%
  • "ბურჯანაძე - დემოკრატები" - 10,15%
  • "დემოკრატიული აღორძინების კავშირი" - 8,15%
  • "ახალი მემარჯვენეები" - 7,99%

ამ დროისთვის, ცესკო-ს ხმათა მხოლოდ მეექვსედი ჰქონდა დათვლილი და მისი მონაცემებით, სახელისუფლებო ბლოკი (27,6%) და "ნაციონალური მოძრაობა" (23%) ლიდერობდნენ.

იმავე დღეს ცნობილი გახდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს მონაცემები საარჩევნო პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. გამონაკლისი იყო მხოლოდ დსთ-ს დამკვირვებელთა ჯგუფი, რომლებმაც, წინასწარი შეფასებით, არჩევნების სამართლიანი და დემოკრატიული უწოდეს.

ბურჯანაძე/ჟვანიას ბლოკმა არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვება აღიარა, თავად ენმ-მ კი შესაძლო საპროტესტო აქციებზე დაიწყო საუბარი. 

პირველი საპროტესტო აქცია 4 ნოემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

ჭაობში ჩავარდნილი ქვეყნის გადარჩენა - ეს იყო მიზანი, რომელიც 20 წლის წინ შესრულდა. საკუთარი ხმებისა და, რაც მთავარია, ქვეყნის განვითარებისა და მომავლის პერსპექტივის დასაცავად ოპოზიცია და მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა. დედაქალაქისკენ დაიძრნენ რეგიონებიდანაც. აქციების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდული მოძრაობა "კმარა".

აქციებს, ეტაპობრივად ყველა ის პარტია შეუერთდა, რომელმაც 7%-იანი ბარიერი გადალახა. ისინი უარს ამბობდნენ პარლამენტში შესვლაზე და დემონსტრაციას უერთდებოდნენ. მათი მოთხოვნა ხელისუფლების მიერ ოპოზიციის გამარჯვების აღიარება იყო. 

პროტესტი 20 დღის განმავლობაში არ განელებულა. აქციებს სამი ოპოზიციური ლიდერი - მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია ედგა სათავეში. 

მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე კი მოქალაქეებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს 
დიალოგისკენ მოუწოდებდა. 

13 ნოემბერს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აღარ აპირებდა და აქციების ერთადერთ მოთხოვნად საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა იქცა. ამ მიზნით ოპოზიციამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. 

20 ნოემბერს კი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო, ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა: 

  • სახელისუფლებო ბლოკი - "ახალი საქართველოსთვის" - 21.32%
  • "დემოკრატიული აღორძინების კავშირი" - 18.84%
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 18.8%
  • "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 12.04%
  • "ბურჯანაძე-დემოკრატები" - 8.79%
  • "ახალი მემარჯვენეები" - 7.35%

არჩევნების შედეგებით ოპოზიციასა და საზოგადოებასთან ერთად, უკმაყოფილო იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED. განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც - თქვა, რომ გამოცხადებული შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. 

მიუხედავად პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკული განცხადებებისა, ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტის პირველი სხდომა 22 ნოემბერს მაინც ჩანიშნა. 

21 ნოემბერს კი საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერები რეგიონებიდან თბილისისკენ დაძრეს. 

ავტოკოლონას წინ წალენჯიხის ავტობუსი მოუძღოდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. 

ოპოზიციის მომხრეები თბილისში 21 ნოემბერს შევიდნენ და თავისუფლების მოედანზე გაჩერდნენ. 
ოპოზიციამ "ხავერდოვანი რევოლუციის" დაწყება დააანონსა. 

პარალელურად, პარლამენტის წინ ხელისუფლების მომხრეების აქცია მიმდინარეობდა.

უკვე 22 ნოემბერს კი, მაშინ, როცა საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის პირველი სხდომა იხსნებოდა, მიხეილ სააკაშვილი აქციის მონაწილეებთან ერთად პარლამენტის მიმართულებით, ვარდებით ხელში დაიძრა.

მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდა და ედუარდ შევარდნაძეს გადადგომისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც შევარდნაძემ დარბაზი დაცვის თანხლებით დატოვა. 

დარბაზი დატოვეს სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმაც, პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილი ხელისუფლების მომხრეები კი დაიშალნენ. პარლამენტის შენობა ოპოზიციის მხარდამჭერებმა სრულად დაიკავეს.  

პარალელურად, ოპოზიციის მხარდამჭერები იმყოფებიან კანცელარიასთანაც. აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან ხუთჯვრიანი დროშაც გადმოფინეს.

საქართველოს მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე, საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან 21-ე დღეს, 23 ნოემბრის საღამოს, ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრის შუამავალი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი იყო. 

 ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა: 

პრეზიდენტის გადადგომას სხვა თანამდებობის პირების, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოჰყვა. 

რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები გამარჯვებას აღნიშნავენ:

24 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ კი 22 ნოემბერს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა. 

26 ნოემბერს კი ნინო ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

აწ უკვე გადამდგარმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ კი კანცელარიის შენობიდან ნივთები 2003 წლის 26 ნოემბერს წაიღო. 

საპრეზიდენტო არჩევნები მალევე, 2004 წლის 4 იანვარს ჩაინიშნა, სადაც ხმების თითქმის 97% მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. ხელახალი საპარლამენტო არჩევნები კი ქვეყანაში 28 მარტს ჩატარდა. პარტიამ "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები" საკანონმდებლო ორგანოში 235-დან 135 მანდატი მიიღო. 

და ბოლოს, 2003 წლის ვარდების რევოლუციის ჰიმნი:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი