ლევან იოსელიანის ხელფასი აპრილიდან 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა, 2025 წლიდან კი ისევ გაიზრდება

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის ანაზღაურება აპრილიდან 7 000 ლარიდან 12 000 ლარამდე გაიზარდა, 2025 წლიდან კი ისევ გაიზრდება და 13 000 ლარს გადააჭარბებს, – თანხა წარმოდგენილია გადასახადების ჩათვლით, ე.წ. დარიცხული ოდენობით. ხელზე ასაღები ოდენობა კი შეადგენდა 5 488 ლარს, რომელიც აპრილიდან 9 384 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება დანამატსა და ფულად ჯილდოს, როგორც გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2023 წლის მარტიდან დღემდე საქართველოს სახალხო დამცველს სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო არ მიუღია. -  ომბუდსმენის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე სახალხო დამცველის ანაზღაურების შესახებ სტატიას "პუბლიკა" აქვეყნებს.

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველი 2023 წლის მარტიდანაა. ხელფასი მას ამ თანამდებობაზე ყოფნიდან ერთ წელში გაეზარდა.

როგორ გაიზარდა ომბუდსმენის ხელფასი?

საქართველოს პარლამენტმა მარტში კანონპროექტი მიიღო და ომბუდსმენის ანაზღაურების ზრდა სწორედ ამ ცვლილების შედეგად გახდა შესაძლებელი.

ცვლილებამდე სახალხო დამცველის ანაზღაურება [თანამდებობრივი სარგო] გათანაბრებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივ სარგოსთან, რაც 7 000 ლარია.

ცვლილებების შემდეგ კი ომბუდსმენის ანაზღაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივ სარგოს გაუთანაბრდა, გარდამავალი დებულებით განისაზღვრა თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტი – 9.00.

როგორია თანამდებობრივი სარგოს დაანგარიშების წესი:

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში გაწერილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები.

ყოველწლიურად ბიუჯეტში ასევე განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა.

საბაზო თანამდებობრივი სარგოს შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით კი მიიღება კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგო კონკრეტული საბიუჯეტო წლისთვის.

2024 წლის ბიუჯეტით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა არის – 1 330 ლარი;

როგორც აღვნიშნეთ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტი არის  – 9.00;

1 330 X 9.00 = 11 970 ლარი;

შესაბამისად, გამოვიდა, რომ 2024 წლის აპრილიდან სახალხო დამცველის სარგო 11 970 ლარით განისაზღვრა.

რა მოხდება 2025 წლიდან:

2025 წლიდან პარლამენტის წევრებისთვის სახელფასო კოეფიციენტები რეგლამენტით განისაზღვრება და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისთვის იგივე –  9.00 კოეფიციენტია გაწერილი.

თუმცა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტით, საბაზო თანამდებობრივი სარგო 1 460 ლარით განისაზღვრა, რაც ნიშნავს იმას, რომ სახალხო დამცველიც 2025 წლიდან მომატებულ ხელფასს მიიღებს.

1 460 X 9.00 = 13 140

გამოდის, რომ 2025 წლიდან ომბუდსმენის დარიცხული ხელფასი 13 140 ლარი იქნება, ხელზე ასაღები ოდენობა კი დაახლოებით 10 500 ლარი.

კანონპროექტის ავტორები „ქართული ოცნების” წევრები – რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, გივი მიქანაძე, მიხეილ სარჯველაძე გიორგი ცაგარეიშვილი და დავით მათიკაშვილი იყვნენ.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი