საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას გაყალბებულ არჩევნებს და ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილმა "ოცნების" ხელისუფლებას, თვითგამოცხადებული, თვითმარქვია მთავრობა უწოდა და მოპარული არჩევნების წინააღმდეგ პროტესტის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ვარდების რევოლუციის დროსაც ჰქონდათ მცდელობა და საარჩევნო კომისიაში გაატარეს კიდევაც გაყალბებული არჩევნები, შემდეგ ჰქონდათ მცდელობა ჩვენი პროტესტის ჩახშობის, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს. ახლა ჩვენსა და ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს გადარჩენას შორის არის 4000 რობოკოპი და სპეცრაზმელი.
ჩვენი ამოცანაა რომ არ დავიღალოთ. თუ ახლა დავიღლებით, ხვალ და ზეგ ამას ძალიან მწარედ ვინანებთ, იმიტომ რომ ქვეყანა აღარ გვექნება.
მე ვარ ჩამოცილებული ჩემ შვილებს, ჩემ სახლს, საქართველოსაც და უკრაინასაც, მაგრამ ერთი წამით არ დავკარგავ ბრძოლის ჟინს სანამ პირში სული მიდგას და აზროვნება შემიძლია.
სრული ერთობლივი ძალისხმევა სამოქალაქო სექტორის, ახალგაზრდობის, ყველა პოლიტიკური პარტიის, ვისაც თავისუფლება უყვარს. ყველანაირი ბრაზის და ბოღმის გვერდზე გადადება, ეს მოხერხებულია და ასეც არის. ახლა საჭიროა კიდევ მეტი ბრძოლისუნარიანობის ჩვენება და მე დარწმუნებული ვარ რომ უცხოეთის მხარდაჭერაც გვექნება ამ პირობებში. "- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.